მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობს

ჯუანშერ ბურჭულაძე

პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს. შესაბამისად, პროკურატურა მათ საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ვლადიმერ ღუდუშაურს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

„პროკურატურას პოზიცია არ შეუცვლია. როდესაც საპროცესო შეთანხმებაზე ვსაუბრობდით და გასულ კვირას ფაქტობრივად ყველა ბრალდებულმა მოგვმართა, დაგიფიქსირეთ, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო. ბრალდების მხარე თითოეული მათგანის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავდა.

საქმეში არსებული ინფორმაციის, განცხადებებისა და ბრალდებულების დამოკიდებულების გაანალიზების შედეგად, გამოიკვეთა მათი მზაობა საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად. ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თანამშრომლობის საფუძველზე საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ვლადიმერ ღუდუშაურთან გაფორმდეს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა და დაამატა, რომ ღუდუშაურმა გამოძიებასთან პირველივე დღეებიდან თანამშრომლობდა, დანარჩენი დაკავებულების მიმართ კი პროკურატურა სასამართლოსგან გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.

პროკურორის თქმითვე, ბურჭულაძეს უნდა ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება. მათ შორის, ესპანეთში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე საქართველოში დაბა-წყნეთში მდებარე სახლი და მასთან დაკავშირებული ფართები.

ბურჭულაძის ადვოკატი ხათუნა ხურცილავა არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან საპროცესო შეთანხმება უახლოეს პერიოდში გაფორმდეს.

„ახლა გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს საპროცესო შეთანხმებაზე ვლადიმერ ღუდუშაურთან დაკავშირებით მიმართა. ჩვენს საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ვფიქრობთ, 16 აპრილამდე მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარისგან პასუხს მივიღებთ. კატეგორიული უარი, რომ საპროცესო შეთანხმება არ ფორმდება, არ ყოფილა. ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 16 აპრილამდე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდეს", - ამბობს ადვოკატი "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ კომენტარში.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. სასჯელი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები