მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურამ 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინა

4 ოქტომბერი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე 5 პირს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქმე ეხება მიმდინარე წელს, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დაგეგმილ და განხორციელებულ ძალადობრივ მოქმედებებს.

გამოძიების ვერსიით, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ საჯაროდ გააკეთეს მოწოდებები რევოლუციისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ, რაც მიზნად ისახავდა აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მობილიზებასა და მათი ძალადობრივ აქტივობებში ჩართვას.

პროკურატურის ცნობით, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნების დღეს, ბრალდებულებმა დაგეგმეს და განახორციელეს ჯგუფური ძალადობის აქტები, რასაც თან ახლდა სტრატეგიული ობიექტის – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დაკავების მცდელობა. მათი ქმედებების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური და კერძო საკუთრება, ასევე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს.

უწყების ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში შეჭრისას ბრალდებულებმა რკინის ღობე გაანგრიეს და შეიჭრნენ ტერიტორიაზე, სადაც სამართალდამცველებს ქვებითა და მძიმე საგნებით დაესხნენ თავს.

პროკურატურამ ბრალდება შემდეგი მუხლებით წარადგინა:

  • მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე და ირაკლი ნადირაძე – საქართველოს სსკ-ის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა), 225-ე მუხლის I ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მოწოდება).
  • ლაშა ბერიძე – იგივე მუხლების ნაწილით, გარდა 317-ე მუხლისა.
  • პაატა მანჯგალაძე – მხოლოდ 225-ე მუხლის I ნაწილით.

აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

უწყება მადლობას უხდის ყველა სამსახურს, ვინც 4 ოქტომბრის ინციდენტისას სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

„საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 4 ოქტომბერს უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებული სპეციალური ღონისძიებებისთვის“, – განაცხადეს უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები