მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

ალექსი ახვლედიანი

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს ალექსი ახვლედიანს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საგარეჯოში, ალექსი ახვლედიანის სახლში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც სახლის მფლობელ ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული, ფანჩატურიდან სახლში სტუმრის საძინებელ ოთახში გადაიტანა და თვითმკვლელობა სცადა. ალექსი ახვლედიანს ბრალი სსკ-ის 238-ე მუხლით წარუდგინეს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები