პროკურატურამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. მან საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ჯაფარიძემ აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
„ბრალი წამიყენეს, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ჩემს არ მისვლას ეხება. პროკურატურის შემდეგი ნაბიჯები რა იქნება, არ ვიცი, დაველოდოთ. ცხადია, რომ დღევანდელი რეპრესიული რეჟიმი იყენებს პროკურატურას, სასამართლოს ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის, აბსოლუტურად პრივატიზებულია პროკურატურაც, სასამართლოც და აუცილებლად გათავისუფლდება ეს ინსტიტუციები, როგორც კი „ქართული ოცნება“ დემოკრატიული გზით ჩამოშორდება ხელისუფლება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძეს ბრალი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წაუყენეს. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად დაიბარეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.




























