პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან და „ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლის თვალსაზრისით პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვთ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უწყებებს გაზრდილი პოზიტიური შედეგები აქვთ ყველა მიმართულებით, მათ შორის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და ზიანის ანაზღაურების კუთხით. მდინარაძემ განსაკუთრებით გამოყო კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი დინამიკა და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს მუშაობა.
„რაც შეეხება თავად პროკურატურას, ამ შემთხვევაში ქვეყანას აქვს ასევე შთამბეჭდავი შედგები. მაგალითად, მხოლოდ ფულის გათეთრების ფაქტებზე ამოღებული და დაყადაღებული აქტივების ღირებულება 200 მილიონ ლარზე, ხოლო კონფისკაციას დაქვემდებარებული აქტივები - 75 მილიონ ლარზე მეტია. ამ დანაშაულებზე სახელმწიფოსთვის და 170 დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი უკვე ანაზღაურებულია.
გაზრდილი პოზიტიური შედეგებია ყველა მიმართულებით. პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაქტიკულად გასამმაგებული მაჩვენებლები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის თვალსაზრისით.
პროკურატურის მიღწევებზე საუბრისას, ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია კიბერდანაშაულთან ბრძოლის, თაღლითობის გამოვლენის მზარდი მაჩვენებელი და არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს ეფექტიანი მუშაობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




























