საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისა და მოყვანის, ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 24 335 გრამი (140 ძირი) ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. მასვე აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი და შენახული 230,5 გრამი ნარკოტიკული საშუალება – დამაძინებელი ყაყაჩო და 41,3 გრამი გამომშრალი მარიხუანა.
მეორე ბრალდებულმა კი, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 24 370 გრამი (67 ძირი) კანაფი და ინახავდა უკანონოდ შეძენილ 12,58 გრამ გამომშრალ მარიხუანას.
„ბრალდებულებს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა,“ – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



























