მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის ბრალი 108 პირს წარუდგინა

პროკურატურა

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალი 108 პირს წარუდგინა. ბრალდებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს აფასოებდნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. დადების მეთოდით განათავსებდნენ.

პროკურატურის განცხადებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ნარკოტიკული საშუალებები „მდმა“ და „კლეფედრონი“ (4-ცმც) საჯაროდ ხელმისაწვდომ 609 ლოკაციაზე განათავსა.

სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის:

  • ჰეროინი და კოკაინი;
  • მეტადონი და ბუპრენორფინი;
  • მდმა, ალფა-პვპ და კლეფედრონი;
  • გამომშრალი მარიხუანა და კანაფი;
  • ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის არაერთი მუხლით წარედგინათ, რაც მოიცავს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას, რეალიზაციას, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და კულტივირებას.

წარდგენილი მუხლები სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულთა ნაწილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა, დანარჩენი პირების მიმართ კი სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები