მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროკურატურამ ოქროს ნივთის ქურდობისთვის შსს-ს დაცვის პოლიციის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურა

პროკურატურამ ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საუბარია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქის კუთვნილი 1200 ლარად ღირებული ოქროს ნივთის ქურდობაზე.

ბრალდება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"საქართველოს პროკურატურამ ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 1200 ლარად ღირებულ ოქროს ნივთს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული 22 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები