დიდმა ბრიტანეთმა დღეს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
სანქციების განმარტებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა ვერ უზრუნველყო ადამიანის უფლებათა დაცვა და არ მოახდინა რეაგირება პოლიციისა და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.
დიდი ბრიტანეთი მიუთითებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, კოკა კაციტაძის მხრიდან პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოუძიებლობაზე, ხოლო შალვა ბედოიძესთან დაკავშირებით კი აღნიშნულია, რომ ის, როგორც შსს-ს მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობას უწევდა პროტესტის ძალადობრივი გზებით ჩახშობისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროცესებს, რომლებიც შსს-ს უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა.
მირზა კეზევაძესთან დაკავშირებით კი სანქციების განმარტებაში აღნიშნულია, რომ სწორედ შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტი ახდენდა პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა პირების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს.
2 აპრილს კი დიდმა ბრიტანეთმა მაღალი დონის კორუფციაში ჩართულობის გამო, მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
ხოლო 2024 წლის დეკემბერში ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზაშვილს (ხარებას) და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს, თბილისის პოლიციის ხელმძღვანელს სულხან თამაზაშვილს (რომელიც ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა).