„ქართული ოცნება“ არჩევნების დროს ოპოზიციის მხრიდან ხმების მოპარვის მტკიცებულებებით პროკურატურას მიმართავს. მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ფაქტებზე, რომლებიც მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ცრუ ბრალდებებს ეფუძნება.
მდინარაძის განცხადებით, აღმოჩენილია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები, რაც ასახავს თუ რა არის რეალობა და რას კადრულობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
„მე თქვენ დღეს წარმოგიდგენთ მტკიცებულებებს და კონკრეტულ ფაქტებს, როგორ იპარავდნენ ის ადამიანები კონკრეტულ ხმებს - „ქართული ოცნების“ ხმებს, რა სქემა იყო, რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ და რა კონკრეტული მტკიცებულებები და ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით. მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს საქმე. საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და დააკვალიფიციროს ზუსტად ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტული მოქმედება თუ ის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და შემდეგ საბოლოო ჯამში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ჩვენი წარმოდგენით. მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში საქმე გვქონდა, ერთი მხრივ, უკვე დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც ხმები მოჰპარეს, ხელი შეუშალეს ადამიანებს საარჩევნო ნების გამოვლენაში, მეორე შემთხვევაში, ასეთი მცდელობაც, ასევე, დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც მცდელობა ჩაიდინეს ასეთი ხელშეშლის. დანარჩენ მტკიცებულებებს როდესაც მოვიძიებთ დამატებით წარმოგიდგენთ და არ ვილაპარაკებთ ჰაერზე არც ერთ საკითხთან დაკავშირებით”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას“ აქვს 81 დადასტურებული ფაქტი, რომელსაც პარტია დღესვე წარუდგენს პროკურატურას.
მდინარაძის განცხადებით, ეს 81 ფაქტი შეეხება შემდეგს: „კონკრეტული ამომრჩევლები, რომლებიც აცხადებენ და ვიცით, დაიდენტიფიცირებული გვყავს, როგორც „ქართული ოცნების“ მომხრეები, მიდიოდნენ საარჩევნო უბანზე და მათ ხვდებოდათ სიიდან თავისი თავი ამოღებული. ირკვეოდა, რომ ისინი ნაცმოძრაობის კლასტერის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნულები იყვნენ მათი პარტიების წარმომადგენლებად სხვა საარჩევნო უბნებში, ხშირ შემთხვევაში მოშორებით, მათი ჩაწერის ადგილიდან და შესაბამისი საარჩევნო უბნიდან. ანუ, დავუშვათ, მამუკა მდინარაძე რომ მივიდოდა, „ქართული ოცნების“ ერთი რიგითი ამომრჩეველი დავუშვათ, პირობითად ვამბობ ჩემს სახელ და გვარს, საბურთალოზე, თავის საარჩევნო უბანში, ხვდებოდა მოცემულობა, რომ ის დანიშნული იყო მაგალითად, სამტრედიაში ნაცმოძრაობის წარმომადგენლად სხვა ოლქის საარჩევნო უბანზე. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ჩვენი მომხრეები ვეღარ ახერხებდნენ, რომ ხმა მიეცათ.
აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ. ანუ მათ წილისყრით მოუწიათ მოქალაქეებთან მისვლა, იმ მოქალაქეებთან, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა და როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს, ისარგებლეს იმით, რომ იმის შესახებ, რომ ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო შესაბამის ფურცელზე ინფორმაცია არ ჰქონდათ მოქალაქეებს და ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა, გაუქმდა.
ჩვენ გვაქვს სხვა ინფორმაციებიც, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზუგდიდში, თელავში და რამდენიმე საარჩევნო ოლქში, როგორ ცდილობდნენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ ანუ. მაგრამ სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები ამაზე არ ვისაუბრებ ამის იქით რასაც მე ვამბობ. ისინი ხომ ყველაფერზე საუბრობენ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ამის იქით მე არაფერს ვიტყვი, სანამ კონკრეტული ფაქტები არ გვექნება. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ორ სქემაზე, როგორ დასდევდნენ თითოეულ ხმას, როგორ მოჰპარეს კონკრეტულ ადამიანებს, „ქართული ოცნების“ მომხრეებს თავისი არჩევანი და როგორ დაგვაკლეს ხმები. 81 იდენტიფიცირებული შემთხვევაა. ზოგ შემთხვევაში მათ ვერ მოახერხეს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა შეძლო, რომ წასულიყო საარჩევნო უბანზე და მიეცა ხმა, აქ უკვე მცდელობაა ხმის მოპარვის. ზოგ შემთხვევებში, იმ შემთხვევებში, რომელიც მე დღეს წარმოგიდგინეთ ვერ შეძლო“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.