მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ცესკო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. საქმეზე გამოკითხვისთვის საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.

საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე.

გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

რაც შეეხება ცესკოს მიმართვას, გიორგი კალანდარიშვილის უწყებამ გამოძიების საჭიროება პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ დაინახა:

"2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო.

იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია", - აცხადებდნენ ცესკოში 29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები