უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივლისს წარადგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას.
ეს მას შემდეგ, რაც 22 ივლისს, ზელენსკიმ ხელი მოაწერა ცვლილებას, რომლის თანახმადაც ორი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული დეპარტამენტი გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ მოექცა. NABU და SAPO ის ორი ბიურო იყო, რომლებიც მანამდე ხელისუფლებისგან დისტანცირებულად აკონტროლებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვას.
ეს გადაწყვეტილება კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა. მსგავსი მასშტაბის სახალხო პროტესტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არ ყოფილა. გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა ბრიუსელშიც. ევროკავშირში განაცხადეს, რომ უკრაინის გაწევრიანება მნიშვნელოვან ინსტიტუციურ ცვლილებებზეა დამოკიდებული და მიღებულმა გადაწყვეტილებამ პროცესს შეიძლება შეუშალოს ხელი. სწორედ ამ ფონზე შეცვალა უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება.




























