მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პროტესტი ევროპაში "ჭარბი ტურიზმის" წინააღმდეგ - რაშია "დამნაშავე" ტურიზმი?

Louvre
16.09.25 10:13
467

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

“ჭარბი” ტურიზმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა წელს თითქმის მთელს ევროპას მოედო. ესპანეთის ქუჩებში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა; ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა იტალიაშიც, ხოლო საფრანგეთში ლუვრის თანამშრომლები ვიზიტორების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის გამო გაიფიცნენ.

AFP, Getty Images

“ჭარბი ტურიზმის” წინააღმდეგ ერთ-ერთი პირველი აქცია მალიორკაზე, ჯერ კიდევ პანდემიამდე, 2019 წელს გაიმართა; კუნძულმა რომლის მოსახლეობაც 1 მილიონს არ აღემატება, იმ წელს 11.6 მილიონ უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა. აქციის ფარგლებში მონაწილეებმა კუნძულზე არსებული ნაქირავები მანქანები ააჭრელეს წარწერებით - “tourism massiu o veïnes” (ტურიზმი ან ჩვენი მეზობლები). აქციების ტალღა პანდემიის გამო შეჩერდა, მაგრამ როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ტურისტების რაოდენობამ ძველ ნიშნულს გადააჭარბა, რამაც მდგომარეობის საგრძნობი გაუარესება გამოიწვია.

რა სურათს გვიხატავს სტატისტიკა

ევროპაში ტურისტების ოდენობა ადგილობრივ მოსახლესთან შეფარდებით, 2024 წლის მონაცემები

პრობლემა დიდწილად იმ ქვეყნებშია, სადაც ვიზიტორების ყოველწლიური რაოდენობა მოსახლეობას აღემატება. მხოლოდ ბარსელონას 2024 წელს 12 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა - ქალაქს, რომლის მოსახლეობაც 1.7 მილიონზე ნაკლებია. იტალიის ქალაქ ვენეციას ყოველ წელს 30 მილიონი ტურისტი ჰყავს, რომელიც მხოლოდ ერთი დღე ჩერდება ქალაქში. საბერძნეთში, ზაკინტოსს - 41,000 მოსახლიან კუნძულს წლიურად საშუალოდ 6 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს. სამხრეთ ევროპის ქვეყნებისთვის ტურიზმი შემოსავლის დიდ წყაროს წარმოადგენს, ესპანეთის, იტალიის, ხორვატიისა და საბერძნეთის მშპ-ს 10%-ზე მეტი ტურიზმის წილია.

ტურიზმის პროცენტული კონტრიბუცია მშპ-ს მაჩვენებელზე ევროპის რიგ ქვეყნებში

მდგომარეობა ესპანეთში

ესპანეთში და განსაკუთრებით კატალონიის რეგიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში “ჭარბი ტურიზმის” წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება. საინტერესოა, კონკრეტულად თუ რა იწვევს ხალხის უკმაყოფილებას იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმის კონტრიბუცია ეკონომიკაში და შესაბამისად, დასაქმებაში მნიშვნელოვანია.

წყარო: Reuters

საცხოვრებელი დეფიციტშია და მათი დიდი რაოდენობა ტურისტებზეა გათვლილი; არსებული კერძო საცხოვრებლების ტურისტებზე გასაქირავებლად გადაკეთება აქტიურად მიმდინარეობს. მალაგაში ტურიზმის სექტორში დასაქმებულები საცხოვრებელს ვერ პოულობენ, ზოგს საკუთარ მანქანებში უწევს ძილი. მასწავლებლები, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულები, მეხანძრეები - ის ხალხი, ვინც ქალაქის ეფექტურად ოპერირებაზეა პასუხისმგებელი, საცხოვრებლის გარეშე რჩება.

ქირის საშუალო ფასის ცვლილება ესპანეთში, 2022-2025

მოსახლეობის თქმით, მინიმალური ანაზღაურების ზღვარი, რომელიც 1381 ევროს შეადგენს, არადამაკმაყოფილებელია, რადგან ესპანეთის მასშტაბით საშუალო ქირა 1000 ევროა; დიდ ქალაქებში კი, მაგალითად, ბარსელონაში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 23.9 ევროა, მადრიდში - €21.7, სან სებასტიანში - €18.5. ყველაზე დაბალი ფასი სიუდად რეალშია - €7.4. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქირის საშუალო ფასი 3%-ით გაიზარდა.

“ჭარბი ტურიზმი” მხოლოდ სოციალური პრობლემა არაა; ეთიოპიაში არსებული კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში ნახსენებია რომ, ფინანსური სარგებლის მიუხედავად, “ჭარბი ტურიზმის” შედეგად მოსახლეობა კულტურულ იდენტობას კარგავს. ადგილობრივი მცხოვრებლები ისტორიულ უბნებს ტოვებენ და მათ ავთენტურობა ეკარგება; როდესაც კულტურული წესები და ტრადიციები მხოლოდ მოგებისთვის გამოიყენება, ეს მათ იაფფასიან ტურისტულ სანახაობად აქცევს.

“ჭარბი ტურიზმი” და მთავრობების რეაგირება

ტურისტების ტალღის დასარეგულირებლად უკვე რამდენიმე წელია ევროპის რიგ ქვეყნებში სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებს, მიმდინარე წლიდან კი ტურისტებზე გათვლილი ჯარიმებიც ამოქმედდა. ესპანეთში არასათანადო ქცევისთვის ჯარიმა 750 ევროს შეადგენს, ბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair-ით მგზავრობისას კი, ანალოგიური საქციელისთვის ჯარიმა 500 ევროა. საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში ღია ფეხსაცმლით ან სულაც შიშველი ფეხით მანქანის ტარებისას ჯარიმა 300 ევროა, საცურაო კოსტიუმებით ქუჩაში სიარულისთვის კი, შეიძლება 1500 ევრომდე დაჯარიმდე. რიგ კუნძულებზე ქუჩაში ალკოჰოლური სასმელებით თუ შეგამჩნიეს, 3000 ევრომდე შეიძლება დაჯარიმდე. სანაპიროდან კენჭების აღებაც კი 1000 ევრომდე ჯარიმდება. ეს ჯარიმები, რა თქმა უნდა, გამაფრთხილებელი ხასიათისაა და ტურისტების უკმაყოფილების მიუხედავად, ექსპერტების თქმით, მათ რაოდენობას არ შეამცირებს.

წყარო: SOLARPIX.COM

მაღალი ქირის მთავარ მიზეზად საპროტესტო აქციებზე ტურისტების მიერ საცხოვრებლების “წართმევა” სახელდება, ფასები ასტრონომიულად მაღალია და ამასთანავე ბაზარზე საცხოვრებლის დეფიციტია.


ესპანეთის ეროვნული სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 400 000 ტურისტზე გათვლილი საცხოვრებელია. ხელისუფლება აჭიანურებს რეაგირებას, რადგან ქვეყანა ეკონომიკური ზრდისთვის ნაწილობრივ ტურიზმზეა დამოკიდებული. 2024 წლის მონაცემებით, ესპანეთის ეკონომიკაში (მშპ) ტურიზმის წილი 15.6% იყო, ხოლო ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 3 მილიონს შეადგენდა. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი მომავალში მხოლოდ გაიზრდება. ხელისუფლებამ მიმდინარე წლის ივნისში, ბარსელონასთან 15 კილომეტრში მდებარე ელ პრატის აეროპორტის გაფართოების 3.7 მილიარდ ევროიანი გეგმა დაამტკიცა. 2024 წლის მონაცემებით, წლის განმავლობაში აეროპორტის ვიზიტორების რიცხვმა 50 მილიონს გადააჭარბა. აეროპორტის გაფართოება 2030-დან 2033 წლამდე იგეგმება. კატალონიის ხელისუფლების გეგმაა, რომ ბარსელონა ინტერკონტინენტალური ჰაბი გახდეს.

ფაქტია რომ ესპანეთი საცხოვრებელზე მოთხოვნას ვერ ეწევა, 2024 წელს ჯამში 127,721 ახალი მშენებლობის ნებართვა გაიცა ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ესპანეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით ქვეყანაში 400 000-დან 450 000-მდე საცხოვრებლის დეფიციტია.

საცხოვრისის დეფიციტის დასამარცხებლად “საცხოვრისის უფლების გეგმა” შემუშავდა. ოფიციალური ანგარიშის თანახმად, 2016-დან 2021 წლამდე 4 314-ით გაიზარდა ხელმისაწვდომი საცხოვრებლების რიცხვი, რომელშიც 10 800 ადამიანი დასახლდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ბინების ნაწილიც კი, Airbnb-ზეა განთავსებული და თუ შეფასებებს შევხედავთ, მათზე ტურისტების მხრიდან მოთხოვნა ნამდვილად არის.

ბარსელონაში გამართული აქციის მონაწილეები ტურისტებს წყლის პისტოლეტებით ასველებენ

ხელისუფლება მსუბუქი ცვლილებებით ცდილობს დაარეგულიროს მდგომარეობა და ამასთანავე, ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას, რადგან ნებისმიერი მკვეთრი ცვლილება და ხელისუფლების მხრიდან ანტი ტურისტული პოლიტიკა დიდი სტრესი იქნება ქვეყნისთვის, მილიონობით ადამიანი სამსახურს და შემოსავლის წყაროს დაკარგავს.

მოძრაობის - სამხრეთ ევროპა ტურისტიფიკაციის წინააღმდეგ პლაკატი

არსებული მდგომარეობის ფონზე ანტიტურისტული მოძრაობა სახელწოდებით Sur de Europa contra la Turistización (სამხრეთ ევროპა ტურისტიფიკაციის წინააღმდეგ) და მოსახლეობის უკმაყოფილება მხოლოდ იმატებს. მათი განმარტებით, რადიკალური ცვლილებებია საჭირო, რის გაკეთებასაც ხელისუფლება არ გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები