მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება - „რუსთავის აზოტის“ დასაქმებული

რუსთავის აზოტი

„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთი დასაქმებული, რომელიც თითქმის ერთი კვირაა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, კომპანიასთან საპროტესტო აქციების მონაწილეა, აცხადებს, რომ პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება. როგორც ბაჩანა კაპანაძემ BM.GE-ის განუცხადა, კომპანიის 1 000-მდე დასაქმებულის ძირითადი მოთხოვნა ხელფასის 300 ლარით გაზრდაა.

ცნობისთვის, 2 თებერვალს „რუსთავის აზოტმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პროტესტის მონაწილეებს კომპანიამ ხელფასების 100 ლარით გაზრდა, ასევე დასაქმებულთა ნაწილის სახელფასო სარგოში 25%-იანი პრემიალური დანამატის გაკეთება, გვარჯილის შემფუთველებისთვის ხარისხიანი ტომრების მიწოდება და სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა.

შეთავაზების მიუხედავად, პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ხელფასების 300 ლარით გაზრდას ითხოვენ. „რუსთავის აზოტის“ დასაქმებულის ინფორმაციით, დღეისთვის მუშების სახელფასო ანაზღაურება, პოზიციების მიხედვით, 900-დან 1500 ლარამდე მერყეობს. ბაჩანა კაპანაძე აცხადებს, რომ დღეს, პროტესტის მონაწილეთა ნაწილი კომპანიის მენეჯმენტს 16:00 საათზე შეხვდება.

„28 იანვარს ადმინისტრაციამ შეხვედრაზე დაგვიბარა, სადაც ხელფასების 4% მატება გამოაცხადა. ამაზე დასაქმებულებმა ერთად ვთქვით უარი და დაიწყო პროტესტი. დღეს პროტესტის მეშვიდე დღეა. იმის მერე გვქონდა შეხვედრები. ჩვენ კონკრეტული პროცენტით ხელფასის ზრდა არ გვინდოდა, რადგან ზოგს მეტი ემატებოდა, ზოგს - ნაკლები და შემოგვთავაზეს ასეთი რაღაცა, რომ კონკრეტული თანხა დაგვესახელებინათ. გამოვედით, ხალხში მოვილაპარაკეთ, კონკრეტულ თანხაზე 300 ლარზე შევთანხმდით, რაც მცირეა, მაგრამ მაინც ქარხნის ინტერესებში შევედით და 300 ლარზე ჩამოვყალიბდით. შემდეგ, დაგვიბარეს 29 იანვარს და გვითხრეს ასეთი რაღაცა, რომ ბიუჯეტს არ ზრდიან, უბრალოდ ამ 4%-ს გადაიყვანდნენ თანხაში, გაყოფდნენ მუშათა რაოდენობაზე და შედეგად ხელფასები დაახლოებით, 100 ლარით გაგვეზრდებოდა, რაზეც ხალხმა ისევ უარი თქვა. დღეს ეხლა 4:00 საათზე დაგვიბარეს ისევ მოლაპარაკებებზე და არ ვიცი რა იქნება, 4:00-ზე უნდა შევიდეთ“, - განაცხადა ბაჩანა კაპანაძემ და დასძინა, რომ "პროტესტი გაგრძელდება, სანამ ანაზღაურებული არ იქნება ადეკვატური ხელფასი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები