"ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ შუქრუთში კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, შიდა მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს და სიტუაციის გარკვევის პროცესში არიან.
საქმე ის არის, რომ სოფელ შუქრუთში უკვე მეექვსე დღეა, რაც კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ ადგილობრივების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივები BM.GE-სთან აცხადებენ, ისინი, მათ კუთვნილებაში არსებული ქონების ზარალის შესაბამისად შეფასებას და საცხოვრისით დაკმაყოფილებას ითხოვენ. ისინი კომპანიის წარმომადგენელს რამდენიმე კვირის წინ შეხვდნენ და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს, თუმცა მათი მტკიცებით, ამას კომპანიისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
„ჩვენ მათთან მუდმივად შიდა მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ. ჯერჯერობით, ჩვენთვითონვე გარკვევის პროცესში ვართ, რომ გავიგოთ მათი პოზიცია და ამის მიხედვით რამეზე შევჯერდეთ. უახლოეს მომავალში რას ვიზამთ, ამ ეტაპზე არანაირი გეგმა არ გვაქვს და ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, - აცხადებენ „ჯორჯიან მანგანეზში“
ინფორმაციისთვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ შუქრუთის მაღაროსთან 13 მარტს კარავი გაშალა და საპროტესტო აქცია დაიწყო. მათი განცხადებით, მაღაროში მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოების გამო მათი სახლები ინგრევა და ამის სანაცვლოდ, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციას ითხოვენ.
„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს