მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციის მეხუთე დღე შუქრუთში - რას ეუბნებიან ადგილობრივებს "ჯორჯიან მანგანეზში"?

მაღარო

სოფელ შუქრუთში, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ ადგილობრივების საპროტესტო აქცია უკვე მეხუთე დღეა გრძელდება.

როგორც შუქრუთის მცხოვრები და საპროტესტო აქციის მონაწილე, გიორგი ნეფარიძე BM.GE-სთან აცხადებს, არც კომპანიას და არც სახელმწიფო სტრუქტურებს მათთან არანაირი მოლაპარაკება ამ დრომდე არ ჰქონიათ.

მისივე თქმით, განცხადებები, რომელსაც "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს, ადამიანების "გაშავებასა" და ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ამ დრომდე არც კომპანიას და არც რომელიმე უწყებას ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია, ჩვენ კომპანიის შავი პიარი არ გვაინტერესებს, რომელსაც ისინი განცხადების სახით ავრცელებენ და მხოლოდ ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კომპანიას რომ ეთქვა, მათი ქმედებები რა შედეგს გამოიწვევდა, ამას არცერთი ჩვენგანი არ დათანხმდებოდა. გვინდა, რომ მოსახლეობას, რომლებსაც კომპანიამ მადნის მოპოვების შედეგად საცხოვრისი დაგვინგრია, ანალოგიური საცხოვრისი შევიქმნათ და მშვიდ, უსაფრთხო გარემოში ცხოვრება შევძლოთ. ჩვენ შემწეობას კი არ ვითხოვთ, ჩვენ მამაპაპისეული სახლები დაგვინგრიეს.

ეს არ არის პირველი საპროტესტო აქცია, უკვე მეხუთედ ვდგამთ კარავს. არაერთი პროცესი გავიარეთ ამ დროის განმავლობაში. კომპანიასთანაც დაიდო ხელშეკრულებები, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ყველა პუნქტი დაარღვია და ახალ-ახალ მიზეზებსა თუ ტყუილებს იგონებდა, დროის გაჭიანურების მიზნით.

კომპანიამ გვითხრა, თქვენი მოთხოვნა კანონიერია მაგრამ, ჩვენ რომ ეგ პრეცედენტი დავუშვათ, ის სქემა, რაც წლების მანძილზე გვაქვს, თავზე დაგვემხობაო. სხვა სოფლებშიც ვოპერირებთ. ისინიც მოგბაძავენ და ანალოგიურ კომპენსაციას მოგვთხოვენო. შესაბამისად, მოდით, ინდივიდუალურად დავიწყოთ მოლაპარაკებები და ვივაჭროთო,“ - აცხადებს ნეფარიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონულ სამმართველოში დაწყებულია გამოძიება - სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელმაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

აღნიშნული სამართლებრივი დავის შესახებ შუქრუთის მკვიდრი აცხადებს, რომ არავის არანაირი ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებია. პოლიცია 24/7-ზე მათ გვერდით, მონაცვლეობით მორიგეობს, თუმცა მათაც არაფერი უთქვამთ მათთვის.

„არ ვიცი, რა სისხლის სამართლის პროცესი აღიძრა. ჩვენთან, არავისთან არავინ მოსულა და არ უთქვამს ამის შესახებ. გუშინ პოლიცია იყო. პოლიციის უფროსი, თავისი მოადგილეებითა და ამალით მაღაროში შევარდა, გაგრილების სისტემა ჩართეს და კარიერებზე დარბოდნენ. ასევე, ტრაქტორებსა და სხვა აღჭურვილობას იცავდნენ, რაც ვფიქრობ, მათი მოვალეობა არ არის.

პოლიცია 24/7-ზე აქ დგას, მორიგეობს, გვაქვს მათთან 24 საათიანი კომუნიკაცია, თუმცა ამ სამართლებრივი პროცესების აღძვრის შესახებ, ინფორმაცია არავის მოუწოდებია. კომპანიამ რაც გაავრცელა, პირველ რიგში, ტელევიზიები შეიყვანა შეცდომაში, თორემ ადგილზე დასაქმებულმა პერსონალმაც თუ ადგილობრივებმა, სიმართლე ყველამ ძალიან კარგად იცის. მათი გავრცელებული განცხადება, არის ცილისწამება და სიცრუე.

კომპანიას არ უნდა კანონის ჩარჩოში მოაქციოს მათი საქმიანობა. ამიტომ, ადამიანების სათითაოდ დაბარება ხდებოდა, ასევე განცხადებების დაწერა, მუქარა, შანტაჟი, ზოგს სამსახურიდან განთავისუფლებით, ხოლო ზოგსაც შვილის სამსახურიდან განთავისუფლებით ემუქრებოდნენ,“ - აღნიშნა გიორგი ნეფარიძემ.

მისი განმარტებით, მაღარო, სადაც მათ ახლა კარვები აქვთ გაშლილი, დალუქული იყო, რადგან მასში მადნის გამომუშავების შემდეგ, მხოლოდ საყრდენი მადანი იყო დარჩენილი, რათა სოფელს ნგრევა არ დაეწყო.

როგორც ნეფარიძე ამტკიცებს, ნიკოლოზ ჩიქოვანის მოსვლის შემდეგ, დალუქული მაღაროებიდან დარჩენილი მადანი გამოიტანეს, რის შემდეგაც სოფლის ნგრევა დაიწყო, დაინგრა ახლად აშენებული ეკლესია, საფლავები ჩავარდა და ა.შ.

გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ პროტესტს მანამ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. იგი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, ბიძინა ივანიშვილთან მივა.

ინფორმაციისთვის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ შუქრუთის მაღაროსთან 13 მარტს კარავი გაშალა და საპროტესტო აქცია დაიწყო. მათი განცხადებით, მაღაროში მიმდინარე მიწისქვეშა სამუშაოების გამო მათ სახლებს დანგრევა ემუქრება და ამის სანაცვლოდ, „ჯორჯიან მანგანეზისგან“ კომპენსაციას ითხოვენ.

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები