პარიზში ჩატარებულ უეფას კონგრესზე “პსჟ”-ს კატარელმა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ განაცხადა, რომ პარიზის მერია სტადიონის გაყიდვას არ აპირებს და ამიტომაც ამჟამინდელ სტადიონ პარკ დე პრენსს დატოვებენ.
პარიზული კლუბის ფუნქციონერმა უკმაყოფილება გამოხატა იმის თაობაზე, რომ წლების განმავლობაში მერიასთან მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო და ახლა ახალი ადგილის ძიებაშია:
“ჩვენ წლები დავკარგეთ ამ სტადიონის ყიდვის მცდელობაში, ახლა კი გვეუბნებიან, რომ მისი შეძენა შეუძლებელია. სულ მალე ჩვენ ახალ ადგილს შევარჩევთ და პარკ დე პრენსს დავტოვებთ” - განაცხადა ნასერ ალ-ხელაიფიმ.
პარიზის საბჭომ, მერის - ანა იდალგოს თავმჯდომარეობით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პარკ დე პრენსი ქალაქის მერიისა და თითოეული მოქალაქისთვისაა და ეს ადგილი არ გაიყიდება. მუნიციპალურმა კრებამ, ამ პოზიციას მხარი დაუჭირა და მოითხოვა, რომ სპორტული მოედნის მოდერნიზაცია განხორციელდეს ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი მოწყობის ფარგლებში, მაგრამ არ მოიცავდეს მის სხვა პირზე გაყიდვას.
"პსჟ-ს" მენეჯმენტი თვლის, რომ ეს პროცესი 8 წელზე გაიწელა და სტადიონის ხელშეუხებლობის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე, რომ ჰქონოდათ კლუბს უკვე ექნებოდა ახალი სტადიონი და ბაზა. ნასერ ალ-ხელაიფი კლუბის აშენებას მომავალი 100 წლიანი პროექტით აპირებს და არა ოთხი-ხუთი წლის პოლიტიკური მანდატისთვის.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დატოვებს "პსჟ" პარკ დე პრენსს და რომელი იქნება მათი ახალი სტადიონი, თუმცა გუნდის პრეზიდენტის ინფორმაციით, პარიზული გრანდი ამ სტადიონზე მაქსიმუმ სეზონის ბოლომდე ითამაშებს.