სპორტული პაბი PUB 44-ის დამფუძნებელი, ელენე კვირიკაშვილი BM.GE-სთან საფეხბურთო პერიოდში არსებულ ტენდენციას აფასებს და აღნიშნავს, რომ შემოსავლები 50%-ით გაეზარდათ.
მისი ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის პერიოდში 100%-იანი დატვირთვით იმუშავეს და ყველა თამაშზე სრულად დაჯავშნილები იყვნენ.
"არცერთ თამაშზე ჯავშნების გარეშე ადგილი არ გვქონდა. თუმცა, ტენდენცია შეიმჩნეოდა, რომ ქართველი გულშემატკივრები მას შემდეგ, რაც ჩვენი ნაკრები თამაშს გამოეთიშა, პაბში აღარ დადიოდნენ და მხოლოდ იმ ქვეყნის წარმომადგენლები გვსტუმრობდნენ, რომელი ქვეყნის თამაშიც მიმდინარეობდა. ობიექტში ადგილობრივი სტუმრის ალბათ 2-3 მაგიდას თუ ნახავდით. დანარჩენი, სულ უცხოელები იყვნენ.
ასევე, თამაშები და ამ თამაშების მღელვარება მნიშვნელოვნად აისახა ჩეკზეც, ანუ შემოსავლებზე.
ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის, ჩვენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში გარე სივრცე გვქონდა აღებული. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ არ გაამართლა. მომხმარებლებისთვის არ იყო კომერციულად მიმზიდველი. გარე სივრციდან საშუალო ჩეკი, პაბის შიდა სივრცის საშუალო ჩეკის დაახლოებით 15% თუ იქნებოდა. ანუ, გარე სივრციდან ძალიან დაბალი ჩეკი იყო და ნაკლებს იხდიდნენ. იმის მიუხედავად, რომ ტერიტორია სრულად გვქონდა დიდი ეკრანებითა და ბარით მოწყობილი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, შემოსავლები სტანდარტულ შემოსავლასთან შედარებით, პაბის შემოსავლები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა",- აცხადებს კვირიკაშვილი.
მისივე შეფასებით, გარე სივრცეებზე მოთხოვნის შემცირება, ჩემპიონატისთვის მოწყობილმა გარე სივრცეების გაზრდილმა რაოდენობებმაც განაპირობა. თუმცა, ამ შემთხვევაში, არა ხალხის, არამედ გარე სივრცეებში დაბალი ჩეკის პრობლემა ჰქონდათ.
პაბის დამფუძნებელი გაფართოებაზეც საუბრობს და მეორე ფილიალის გახსნას აანონსებს, რომელიც ქალაქის ცენტრში უნდა განთავსდეს. მისი სავარაუდო ინვესტიცია კი დაახლოებით 3 მლნ ლარი იქნება.