მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"PUB 44" სწრაფი კვების მცირე ფორმატის ობიექტების ქსელის შექმნას გეგმავს

PUB 44

ირლანდიური პაბი PUB 44 სწრაფი კვების მცირე ფორმატის ობიექტების ქსელის შექმნას გეგმავს. როგორც ობიექტის დამფუძნებელი ელენე კვირიკაშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, კონცეფცია უკვე მზად არის და რამდენიმე ლოკაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია მცირე ზომის სივრცეებზე, სადაც წარმოდგენილი იქნება უკვე არსებული მენიუს ნაწილი – ბურგერები, ჰოთ-დოგები და სხვა სწრაფი კვების პროდუქტები.

„მენიუ მზად გვაქვს და სისტემებიც აწყობილია, ამიტომ ეს განვითარება ლოგიკური ნაბიჯია. ამერიკასა და ევროპაში ძალიან გავრცელებულია მოდელი, როცა ბრენდებს აქვთ როგორც დიდი ბარები, ისე მათი პატარა, "ფასტფუდის" ფორმატის ვერსიები,“ – ამბობს ის.

ელენე კვირიკაშვილის განმარტებით, პირველი ასეთი ობიექტის გახსნა ვაკეში ან საბურთალოზე განიხილება, სადაც ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, თითო ასეთ სივრცეში საშუალოდ 10 ადამიანი დასაქმდება, ხოლო ინვესტიცია ერთ ობიექტზე 50 000 ლარს მიაღწევს.

ცნობისთვის, პაბისთვის გასული წელიც წარმატებული გამოდგა, ვინაიდან კომპანია გაფართოვდა და დამატებით ორი ახალი ობიექტიც გახსნა. შედეგად PUB 44, რომელიც ზანდუკელის ქუჩაზე რამდენიმე წელია ოპერირებს, დღეს უკვე სამ ფილიალს და განსხვავებულ კონცეფციებს აერთიანებს.

ელენე კვირიკაშვილის თქმით, 2024 წლის ბოლოდან დაწყებული კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ აისახა 2025 წლის დასაწყისში. დეკემბერი და იანვარი თითქმის სრულად ცარიელი იყო, არ ტარდებოდა ღონისძიებები როგორც კვირიკაშვილი აღნიშნავს, იმ პერიოდში ობიექტის დახურვაზეც კი ფიქრობდნენ. ვითარება, მისი შეფასებით, თებერვლიდან შეიცვალა და უკვე გაფართოებაც დაიწყეს.

კვირიკაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გეგმა ღია სივრცის დამატება იყო და გასული წლის სექტემბერში, დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიციით, თბილისის ცენტრში, შავთელის ქუჩაზე ახალი ფილიალი – PUB 44 Gastro გახსნეს, რომელსაც საკუთარი ტერასა აქვს. ლოკაცია ტურისტულ არეალში მდებარეობს და მენიუც ნაწილობრივ განსხვავებულია.

„აქ წარმოდგენილია პაბის ქართული ვერსია, მათ შორის ხინკალიც, რომელიც სწორედ შავთელის ფილიალში გადავიტანეთ. ობიექტში სრული დატვირთვით 100-მდე სტუმრის მიღება შეგვიძლია,“ – აცხადებს კვირიკაშვილი.

მისი თქმით, ფილიალს მეტწილად უცხოელი სტუმრები ჰყავს – რუსები, ბრიტანელები, ჩინელები. თუმცა, არასეზონურ პერიოდში დატვირთვა ძირითადად კვირის ბოლოს ფიქსირდება. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მარტიდან ვიზიტორთა ნაკადი გაიზრდება და ტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან.

PUB 44-ი რეგიონშიც გაფართოვდა და კომპანიამ მესამე ფილიალი ბაკურიანში, 20 000 ლარის ინვესტიციით გახსნა. ობიექტი „რისტოლ ბაკურიანის“ სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს და სეზონურად ფუნქციონირებს – ზაფხულსა და ზამთარში.

„ბაკურიანში წელს პირველი ზამთარი იყო, როცა პაბმა სრულად იმუშავა და იანვრის ბოლომდე 100%-იანი დატვირთვა გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მუშაობამ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ზოგჯერ დღეში სამჯერაც ვივსებოდით“, - ამბობს დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, ბაკურიანის ფილიალში 15 ადამიანია დასაქმებული და ერთდროულად 38 სტუმრის მასპინძლობა შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები