მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პური 20 თეთრით გაძვირდა... ყველაფრის ფასი გაზრდილია, კატასტროფა ხდება“ - პურის მწარმოებელი

6163eb65920d9
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.21 11:51
2737
ფქვილის და პურის ადგილობრივი მწარმოებლები პირველადი მოხმარების პროდუქტის - პურის შესაძლო გაძვირების შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ. ასოციაციების ხელმძღვანელები ამ მოლოდინის უმთავრეს მიზეზად რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ მცურავ ბაჟს ასახელებდნენ, რომელიც ზაფხულის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამან გავლენა საქართველოში ფქვილის ფასზეც იქონია და იმ დროისთვის 1 ტომარა ფქვილს წისქვილკომბინატები დაახლოებით 67 ლარად ყიდდნენ. ადგილობრივი მწარმოებლების მიერ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ დაახლოებით 1 თვე გავიდა და როგორც ირკვევა პურის გაძვირება მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

BM.GE-სთან საუბრისას ხაშურში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანია „ოშხნელი და ვაჟების“ დამფუძნებელი ირაკლი ოშხნელის თქმით, პურის ფასი დახლზე დაახლოებით 20 თეთრით გაიზარდა.

„კონკრეტულად ჩვენს წარმოებაში პურის ფასის გაზრდა დაახლოებით 10 თეთრით მოგვიწია, თუმცა ამას ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებიც ემატება და მაღაზიებში პური გუშინდელი დღიდან 20 თეთრით არის გაძვირებული. მიზეზი ფქვილის ღირებულებაა, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი. გარდა ამისა პურის ცხობისათვის საჭირო სხვა პროდუქტების ფასიც თითქმის ყოველდღიურად იზრდება.

პურის გაძვირების სურვილი მეწარმეებს არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გაძვირდა - ფქვილი, მარილი, საფუარი, წყალი... კატასტროფა ხდება. ჩვენი წარმოება სრულად ნედლეულის და ენერგომატარებლების ღირებულებაზეა დამოკიდებული. მომატებული ღირებულებითაც კი მოგებაზე საუბარი ზედმეტია“, - განმარტა მწარმოებელმა.

აღსანიშნავია, რომ პურზე ფასის ზრდა ფიქსირდება სხვა რეგიონებშიც. როგორც BM.GE-ს მოქალაქეები ეუბნებიან, ფასი პურზე 10-დან 20 თეთრის ფარგლებშია მომატებული. 

„ოშხნელი და ვაჟების“ პურით ხაშური და მცირე მოცულობით ბორჯომი მარაგდება. მხოლოდ საცხობში 20 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ხელმძღვანელს პურის ფასის ცვლილების შესახებ პროგნოზების გაკეთება უჭირს და აღნიშნავს, რომ მწარმოებლები ზარალზე მუშაობენ.

„დღემდე ძველი რესურსების ხარჯზე ვინარჩუნებდით საბოლოო პროდუქტებზე ფასს და სანამ 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 66-67 ლარი იყო არ ვაძვირებდით. ზარალზე ვიყავით, თუმცა ფასები შევინარჩუნეთ. ახლა ამის გაკეთება შეუძლებელია. დღეს 1 ტომარა ფქვილის შეძენა 73-75 ლარი გვიჯდება, ამიტომ 60 თეთრიანი პური მაღაზიაში დღეს უკვე 80 თეთრად იყიდება“, - განმარტა ირაკლი ოშხნელმა.

ის, რომ პურ-პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, ამაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკაც. სექტემბერში ქვეყანაში ფასები წლიურად 12.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა.

მნიშვნელოვანია, რომ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 15.9%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა. სხვა პროდუქტებთან ერთად პური და პურპროდუქტები 13.2%-ით გაძვირდა.


ამავე თემაზე იხილეთ სტატია : პურის 15%-მდე გაძვირებას ვგეგმავთ - „ლიტვური საცხობი“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები