მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამაგიდო თამაშების სფეროში კონკურენცია იზრდება“ - ქართულ ბაზარზე ახალი სამაგიდო თამაში „ტაკიმასხარაობა“ გამოჩნდა

645906d580a3b
სალომე ხიდურელი
08.05.23 20:33
1156
„ტაკიმასხარაობის“ ერთ-ერთმა შემქმნელმა, გიორგი სუხიშვილმა სამაგიდო თამაშების სფეროში ტენდენციებზე ისაუბრა. როგორც მან Bm.ge-სთან განაცხადა სამაგიდო თამაშების სფეროში კონკურენცია იზრდება, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით კი "მიმები" სარგებლობენ.

„გვსურდა შეგვექმნა სახალისო, ქართული სამაგიდო თამაში, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემდა, მათთვის კარგად ნაცნობი სიტუაციებისთვის სხვადასხვა „მიმი“ შეესაბამებინათ და საკუთარი თავი ამოეცნოთ. დღესდღეობით მიმები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ციფრულ სივრცეში. ასევე, ყოველდღიურად იმატებს ქართული სამაგიდო თამაშების რიცხვიც და მოთხოვნაც, შესაბამისად, მზარდია. თუმცა, მიმების გამოყენების კუთხით, საქართველოში პირველები ვართ. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც „ტაკიმასხარაობა“ გაყიდვაში ჩაეშვა, მაგრამ მომხმარებლები უკვე გვყავს და ველოდებით მათგან უკუკავშირს“, - აღნიშნავს გიორგი სუხიშვილი.

როგორც სამაგიდო თამაშის ავტორი განმარტავს, „ტაკიმასხარაობის“ თამაში 12-წლიდან ზემოთ ერთდროულად 25-მდე მსურველს შეუძლია, სხვა ქართული სამაგიდო თამაშებისგან კი იმითაც გამოირჩევა, რომ მისი შემადგენელი კომპონენტები მაქსიმალურადაა მორგებული ქართულ რეალობას.

„სამაგიდო თამაშების სფეროში კონკურენტების რიცხვი დღითიდღე იზრდება. „ტაკიმასხარაობა“ სხვებისგან გამორჩეულია იმით, რომ ტექსტურ ბარათებზე მოცემული სიტუაციების უმეტესი ნაწილი ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი და გამოცდილია და თამაშის პროცესი იმდენად სახალისოა, რომ მაშინვე მხიარულ განწყობაზე გაყენებს“, - ამბობს გიორგი სუხიშვილ და დასძენს, რომ “ტაკიმასხარაობის“ ყუთში, რომლის ღირებულებაც 59 ლარია, 200 სხვადასხვა ტექსტური ბარათი და 50 „მიმის“ ფოტოსურათია მოთავსებული.

სტარტაპის განვითარების გეგმებზე საუბრისას, გიორგი სუხიშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ იგეგმება თამაში კიდევ რამდენიმე სარეალიზაციო პუნქტში დაამატონ, რათა მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

„გარდა ამისა, მომავალში ვაპირებთ „ტაკიმასხარაობის“ სხვადასხვა სერიების გამოშვებას, შეიცვლება „მიმები“ და ტექსტური ბარათები, დაემატება 18+ ვერსიაც. ვგეგმავთ, სხვა მსგავსი ტიპის თამაშების გამოშვებასაც, რომლებიც ქართულ ბაზარზე ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის“, - ამბობს სტარტაპის თანადამფუძნებელი.

„ტაკიმასხარაობის“ საწყისი ინვესტიცია 1500 ლარამდეა. როგორც სუხიშვილი განმარტავს, სფერო სწრაფად ვითარდება და საინვესტიციოდ მიმზიდველი და მომგებიანი წამოწყებაა, თუმცა ავტორების ჩართულობასა და დიდ ძალისხმევასაც საჭიროებს.

სამაგიდო თამაშის შეძენა ონლაინ, მისი დატესტვა კი „სამაგიდო თამაშების გილდიაშია“ შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები