სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, რომ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდება. შესაბამისი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ასოციაციებს ჰქონდათ. მთლიანობაში სუბსიდირების 3 თვით გაგრძელება ბიუჯეტს დაახლოებით 6-7 მლნ ლარი დაუჯდება, საიდანაც 2 მლნ-მდე ლარის რესურსი, სუბდირების არსებული პროგრამისთვის აქამდე გამოყოფილი - 10 მლნ ლარიდან დაზოგილი თანხაა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „ანალიტიკას“ კითხვებს "პურის მცხობელთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ უპასუხა, რომლის თქმით, ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებით ქარხნის ქვის პურზე ხელმისაწვდომობა შენარჩუნდება.
ჟურნალისტის კითხვაზე - შეეძლო თუ არა კერძო სექტორს აეღო სოციალური პასუხისმგებლობა და სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის პურის ფასის შენარჩუნება საკუთარ თავზე აეღო, იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან თანხები არა პურის სუბსიდირებაზე, არამედ ვაქცინის დამატებითი დოზების შეძენაზე მიმართულიყო? მალხაზ დოლიძე ასე პაუხობს:
„მესმის, რომ ვაქცინის თემა ძალიან აქტუალურია, თუმცა პურიც თავისებური ვაქცინაა. საქართველოში გაჭირვებული ხალხის ძალიან დიდი ფენაა, რომელსაც ხელი არ მიუწვდებათ შეძენაზე. „ანტრეშიც“ იყიდება პური და თონეებში 200-300 გრამი 1 ლარი ღირს, მაგრამ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც არ აქვთ საშუალება, რომ პური შეიძინონ, მათ რა ქნან?
როგორც მეწარმე ვთვლი, რომ სუბსიდირებაზე დიდი თანხა არ არის დახარჯული. პურის ფასი სუბსიდირებულია თვით რუსეთშიც, სადაც პურ-პროდუქტები 6%-ით გაძვირდა. საქართველოში ყველაზე იაფი პურპროდუქტებია - თუ რეგიონს ავიღებთ, აზერბაიჯანში დღგ საერთოდ მოხსნეს, სომხეთში მთელი რიგი ღონისძიებები ჩაატარეს, რადგან ხორბლის გაძვირებამ გამოიწვია ფქვილის ღირებულების გაზრდა... ცოტა რეალურად მინდა, რომ შევხედოთ ამ ყველაფერს“, - განმარტა მალხაზ დოლიძემ და დასძინა, რომ დარგის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, ხორბლის ახალ მოსავალთან ერთად ბაზარზე ფასი დაიწევს და სუბსიდირების პროგრამა საჭირო აღარ იქნება.
ცნობისთვის, პურის ფასის შენარჩუნებისთვის ხორბლის იმპორტის სუბსიდირება მთავრობამ პირველად 2020 წლის აპრილში 9 სასურსათო პროდუქტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოიყო.
ამის შემდეგ ხელისუფლებამ ცალკე ხორბლის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება გადაწყვიტა და ამისთვის ბიუჯეტიდან 5.2 მლნ ლარი გამოყო. ამ დროს 1 ტომარა ფქვილზე იმპორტიორები 40 დოლარის ექვივალენტს იღებდნენ, ხოლო გადამუშავებული 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 51 ლარზე უნდა შენარჩუნებულიყო.
პირველადი პროდუქტის - პურის გაძვირების თავიდან აცილებისთვის შემდეგი ეტაპი, დარგის მოთხოვნით, მთავრობამ 2020 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო და 1 ტომარა ფქვილზე თავდაპირველად 10 ლარიანი, ხოლო შემდეგ 15 ლარიანი სუბსიდირება 4 თვეს გაგრძელდა. ბიუჯეტიდან ამ შემთხვევაშია 10 მლნ ლარი გამოიყო, თუმცა მისი სრულად ათვისება, სოფლის მეურნეობის მინისტრის გელა ხანიშვილის განმარტებით არ მოხდა და პროგრამაში 2 მლნ ლარამდე ასათვისებელი დარჩა.




























