პურის მწარმოებელი კომპანია „გემოვანი“ მთიან რეგიონებში ხორბლის მოყვანას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანიის მიზანი, ქვეყანაში არსებული სოფლის მეურნეობის რესურსების გამოყენება, ამასთან სოფლად მცხოვრები ადამიანების პოტენციალის ათვისებაა.
„2025 წელს, გაზაფხულზე ხორბლის მოყვანას ვგეგმავთ. გვაქვს მიზანი, რომ მთიან სოფლებში დავიწყოთ ხორბლის თესვა. ერთ-ერთ მიმართულებად გვაქვს მესხეთ-ჯავახეთში მეურნეობის გაშენება, სადაც ტექნიკა გვაქვს მობილიზებული და წისქვილი. ასევე გათვლა გვაქვს ბაკურიანზე, რომელიც 4 სეზონის კურორტია. ვაპირებთ, რომ ფქვილი ვაწარმოოთ და ადგილზე, რეგიონებში პურის წარმოება დავიწყოთ. შესაბამისად, პური ადგილზევე იწარმოება და გაიყიდება.
ვგეგმავთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან ვითანამშრომლოთ. ბევრი ნაკვეთია, რომელზედაც არაფერი ითესება. შესაბამისად, ჩვენი რესურსებით და ჩვენი ტექნიკით ვთესავთ ამ ხორბალს. მოგებაზე გათვლა არ გვაქვს, უბრალოდ გვინდა, რომ ამ ადამიანებმა ხორბლის მოყვანაში საკუთარი პოტენციალი დაინახონ “, - ამბობს ჩავლეიშვილი.
მისი თქმით, ამ პროექტის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი არსებობს და ასეულობით ოჯახია, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ თანამშრომლობაზე. ის დასძენს, რომ მსგავსი გამოცდილება კომპანიას ადრეც ჰქონია, რაც საფუძველს იძლევა, რომ პროექტი განხორციელებადია.
ცნობისთვის, კომპანია "გემოვანი" პურის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან შემოვიდა და პურს მხოლოდ ქართული ჯიშის ხორბლისგან აწარმოებს.