მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

პურპროდუქტების ბაზრის ლიდერის "იფქლის" შემოსავალი 2024 წელს 98 მილიონ ლარამდე გაიზარდა

პური იფქლი

სასურსათო სექტორის ერთ-ერთმა წამყვანმა მოთამაშემ, პურპროდუქტების მწარმოებელმა შპს "იფქლმა", 2024 წლის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. კომპანიის აუდიტირებული ანგარიშგების მიხედვით, მისი რეალიზაციის შემოსავალი წინა წელთან შედარებით გაიზარდა 11%-ით, 87.9 მილიონიდან 97.8 მილიონ ლარამდე.

მიუხედავად შემოსავლების ზრდისა, კომპანიის წმინდა მოგება შემცირდა, თუკი 2023 წელს კომპანიის მოგება 13.3 მილიონი ლარი იყო, 2024 წელს კომპანიამ 8 მილიონი ლარის მოგება მიიღო, რაც სავარაუდოდ მარჟების შემცირებას უკავშირდებოდა, რაც საწარმოო და ადმინისტრაციული ხარჯების მატებამ განაპირობა.

  • გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება გაიზარდა 61.4 მილიონ ლარამდე (წინა წელს 53.1 მლნ);
  • რეალიზაციისა და დისტრიბუციის ხარჯები 21.6 მილიონ ლარს გაუტოლდა (2023-ში - 17.2 მლნ);
  • ხოლო ადმინისტრაციული ხარჯები 9.8 მილიონ ლარამდე ავიდა (2023-ში - 6.5 მლნ)

ამავე პერიოდში კომპანია აგრძელებდა გაფართოებას: 2024 წლის ნოემბერში ზუგდიდში გაიხსნა ახალი საწარმოო ფილიალი, რის შედეგადაც „იფქლმა“ დაფარა დასავლეთ საქართველოს მიწოდების ქსელი.

2024 წლის ბოლოს კომპანიის აქტივები შეადგენდა 81.7 მილიონ ლარს, ხოლო ვალდებულებები 9.7 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქციონერები არიან შაქრო ბაკურაძე - 40%; ვასილ ბაკურაძე - 30% და ბაქარ ბაკურაძე 30%. "იფქლის" დირექტორის თანამდებობას არისი ბოჭორიშვილი იკავებს.

კომპანიის განვითარების გეგმებს შორისაა ფუნთუშეულის სეგმენტზე უფრო მეტი აქცენტის გადატანა, ასევე ასორტიმენტის გაფართოება, ასევე სადისტრიბუციო ლოგისტიკური ქსელის ეფექტიანობის გაზრდა. გამოწვევებს შორის კი კომპანია ნედლეულის ფასების ცვლილებას უთითებს.

"შიდა ბაზრისთვის ისევ გამოწვევად რჩება ფქვილის ფასი, რომელიც არასტაბილურობით გამოირჩევა. მეტ - ნაკლებად სტაბილური იყო გასულ წელს სავალუტო კურსების ცვლილება, რაც ბიზნესისათვის ზოგადად ასევე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ის შესაფუთი მასალები რომელსაც კომპანია იყენებს წარმოების პროცესში, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია კურსის ცვლილებაზე, ასევე სწორედ კურსია გადამწყვეტი იმ ძირითადი საშუალებების შესყიდვისას, რომელიც მუდმივ პროცესს წარმოადგენს კომპანიის განვითარებისათვის (გადაიარაღება, ახალი დანადგარებისა თუ ნაწილების შესყიდვა / მონტაჟი, ახალი ხაზებისა და ტექნოლოგიების დანერგვა).

ნედლეულის ნაწილში (ფქვილი), რომელიც უმთავრეს როლს თამაშობს ფასწარმოქმნაში დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე, რაც ასევე ქმნის არასტაბილურობის განცდას. ასევე გასული წლის გამოწვევა იყო და ისევ რჩება თანამშრომელთა ხელფასების მუდმივი მზარდი ტენდენცია (საშუალო ხელფასი კომპანიაში 10–15%-ით უკვე არის გაზრდილი და ეს პროცესი ისევე გრძელდება).

დანახარჯების ზრდის ნაწილში არასტაბილურია ასევე საწვავის ფასები, რაც ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს პროდუქციის ფასწარმოქმნის პროცესში. ერთის მხრივ დანახარჯების ზრდა (ნედლეული, ხელფასი, საწვავი), ხოლო მეორეს მხრივ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამო პურ პროდუქტებზე ფასების გაზრდის შეზღუდვა, სამწუხაროდ ვერ უზრუნველყოფს რენტაბელობის ისეთ დონეს, რაც უფრო მეტ საშუალებას მისცემს დარგის საწარმოებს შექმნან რეინვესტირებისათვის აუცილებელი ფინანსური ბაზა,"- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები