რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებმა რუსეთის პრეზიდენტს აცნობეს, რომ უკრაინული ქალაქი პოკროვსკი “გათავისუფლებულია”. საუბარია დონეცკის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ ლოგისტიკურ ჰაბზე, რომელიც ქვეყნის სამხედრო აგრესიისაგან დაცვისა და კონტრშეტევებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამასთან, პუტინმა მიიღო ინფორმაცია ვოვჩანსკის აღების შესახებაც.
რუსულმა მხარემ პოკროვსკის აღების მტკიცებულებად გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსი ჯარისკაცები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იმყოფებიან და რუსეთის დროშას აფრიალებენ. ოფიციალური კრემლი აცხადებს, რომ დონეცკის რეგიონის ამ მნიშვნელოვანი ქალაქის “გათავისუფლება” მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მონაპოვარია და ის ხელს შეუწყობს შემდგომი საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას. ამასთან, პოკროვსკის აღების შემდეგ, ძალები ფრონტის ხაზის სხვა მნიშვნელოვან ნაწილებზეც გადანაწილდება.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ კიევს პოკროვსკის დაცემა ჯერ არ დაუდასტურებია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, რომ როგორც აღნიშნული ქალაქის, ისე ვოვჩანსკისთვის ბრძოლები კვლავ გრძელდება. ანალიტიკოსები მოელიან, რომ დონეცკში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქის დაკარგვა მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციებს შეასუსტებს.
ცნობისთვის, რუსეთმა პოკროვსკი, როგორც ლოგისტიკური ჰაბი სამიზნეში ივლისის თვეში ამოიღო. მისი აღებისთვის სამხედრო მოქმედებები ოფიციალურად 18 ივლისს დაიწყო. იქამდე კი რუსეთის თავდაცვის ძალებმა სტრატეგიული მნიშვნელობის კიდევ ერთი ქალაქის, ავდიივკას აღებაც შეძლეს.




























