მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი რუს ოლიგარქებს უკრაინის ომის დაფინანსებისთვის შემოწირულებების გაღებას სთხოვს

პუტინი

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რუს ოლიგარქებს სთხოვა, უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ქვეყნის შემცირებულ თავდაცვის ბიუჯეტში შემოწირულებები გაიღონ - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც Financial Times იუწყება, პუტინის თქმით, იგი 2022 წლის თებერვალში დაწყებულ კონფლიქტს მანამდე გააგრძელებს, სანამ მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონის იმ დარჩენილ ტერიტორიებს არ დაიკავებს, რომლებიც ჯერ კიდევ მის კონტროლქვეშ არ არის.

გაზეთის ცნობით, ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სულ მცირე ორმა ბიზნესმენმა განუცხადა პუტინს, რომ მზად არიან, თავდაცვის ბიუჯეტში წვლილი შეიტანონ.

გასულ წელს კრემლის თავდაცვის ხარჯები 42%-ით გაიზარდა და 13.1 ტრილიონ რუბლს მიაღწია. ამასთან, მთავრობა ეკონომიკის დასტაბილურებას გადასახადების მეშვეობით ცდილობს.

ეკონომიკის მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ თუ რუბლის გაუფასურება გაგრძელდება, რუსეთი წელს კიდევ ერთი დამატებითი მოგების გადასახადის დაწესებას განიხილავს. 2023 წელს ზოგიერთ მსხვილ კომპანიაზე დაწესებული ერთჯერადი 10%-იანი გადასახადით რუსეთმა 320 მილიარდი რუბლი შეაგროვა.

იანვარში კრემლმა დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 22%-მდე გაზარდა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესისგან სამი წლის განმავლობაში დამატებით 600 მილიარდი რუბლი მიეღო.

იანვარსა და თებერვალში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა მთელი წლისთვის პროგნოზირებული მაჩვენებლის 90%-ს გადააჭარბა, რადგან აშშ-ის სანქციებმა მოსკოვი აიძულა ნავთობი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაეყიდა.

მანამდე პუტინმა რუსული კომპანიები და მთავრობა გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად ნავთობზე ფასების ზრდით მიღებული დამატებითი შემოსავლების ხარჯვას ფრთხილად მიუდგნენ.

"ახლა, როდესაც ჩვენი ტრადიციული საექსპორტო პროდუქტების ფასები იზრდება, მაგრამ ბაზრებზე არეულობაა, შესაძლოა, გაჩნდეს სიტუაციით სარგებლობის ცდუნება", - განუცხადა მან ბიზნეს ლიდერებს მოსკოვში და დასძინა, რომ ეს ცდუნება შესაძლოა გულისხმობდეს დამატებითი შემოსავლების გაფლანგვას, მათ კომპანიის დივიდენდებად გაცემას, ან, სახელმწიფოს შემთხვევაში, საბიუჯეტო ხარჯების გაზრდას.

ცნობისთვის, ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას იმ პირობით აყენებს, რომ კიევი რუსეთს მთლიანად დაუთმობს ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონს. უკრაინა ამ პირობას არ თანხმდება.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, როგორც კი პირობები იძლევა ამის საშუალებას, რუსეთი დაუკავშირდება აშშ-ს სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების ახალ რაუნდთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, თუმცა დასძინა, რომ ძირითადი საკითხები, მათ შორის ტერიტორიის საკითხი, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები