ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა CNN-თან ალასკას ისტორიული სამიტის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, ტრამპმა მოახერხა პუტინის დაყოლიება და რუსეთი უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემას დათანხმდება. მისივე თქმით, კრემლი თანახმაა, აღნიშნული გარანტია უკრაინამ ამერიკისგანაც მიიღოს.
“პუტინმა გვითხრა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ჩვენთვის წითელი ხაზია. ჩვენ ამის შემდეგ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ რა იქნებოდა უკრაინისთვის მისაღები ამის სანაცვლოდ. თუ ვერ იქნებოდა NATO, მაშინ რაზე შეიძლება დაგვთანხმებოდა კიევი. ჩვენ რუსეთის პრეზიდენტს ამერიკის მიერ უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა შევთავაზეთ - ამას პუტინი დათანხმდა”, - განაცხადა უიტკოფმა.
ცნობისთვის, NATO-ს მე-5 მუხლი, ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას ავალდებულებს, ერთ რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმა საკუთარ სახელმწიფოზე თავდასხმად აღიქვას. ამ მუხლს ხშირად მოიხსენიებენ შემდეგი ფრაზითაც “ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის”.




























