რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინას "პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის" 15 მაისს სთავაზობს. როგორც BBC წერს, პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს სურს "სერიოზული მოლაპარაკებები", რომლის მიზანიც "ხანგრძლივი და ძლიერი მშვიდობა" იქნება.
ამასთან, კრემლის ლიდერმა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის "ახალ ზავზე" შეთანხმებამდე მივიდეს.
როგორც პუტინი აცხადებს, შეთავაზებული მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს თურქეთის ქალაქ სტამბოლში, როგორც ეს ადრე იყო. მისივე თქმით, ის დღეს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დეტალებზე გაესაუბრება.
პუტინის შეთავაზებას უკრაინა ჯერ არ გამოხმაურებია. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ევროპელი ლიდერები, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.




























