მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა ორბანი კრემლში მიიღო - რაზე ისაუბრეს?

ორბანი და პუტინი

ვლადიმირ პუტინმა ვიქტორ ორბანი კრემლში მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა და ომის დასრულების რუსული ხედვა იყო. პუტინმა განაცხადა, რომ ორბანთან შესაძლებლობა ექნება, "ყველა ნიუანსი", რაც უკრაინას ეხება, განიხილოს. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ორბანი მოსკოვში, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი ჩავიდა.

"თქვენ, ალბათ, იცით ცოტა ხნის წინ მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე ჩემი გამოსვლის შესახებ. ის ასახავს ჩვენს პოზიციას შესაძლო მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე. რა თქმა უნდა, მზად ვარ, ნიუანსები თქვენთან განვიხილო", - უთხრა პუტინმა ორბანს.

ვლადიმირ პუტინის ხედვა 14 ივნისს გახდა ცნობილი. ოკუპანტი ქვეყნის ულტიმატუმი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინული ჯარი საკუთარი ტერიტორიიდან უნდა გავიდეს, კიევმა კი NATO-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას.

თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა პუტინს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრა განსაკუთრებულია მას შემდეგ, რაც მოსკოვში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ ჩავიდა.

"ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი შეუძლიათ, სწრაფად მცირდება. მალე უნგრეთი იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ყველასთან საუბარი შეეძლება... მსურს, ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენი პოზიცია ვიცოდე", - მიმართა ორბანმა პუტინს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორბანმა მოსკოვში ვიზიტის შესახებ ევროპული კომისია არ გააფრთხილა. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ვიზიტი ექსკლუზიურად, უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში მიმდინარეობს. მისი თქმით, ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან მოსკოვში ვიზიტის მანდატი არ მიუღია.

ვიქტორ ორბანმა პუტინთან ღია შეხვედრის შემდეგ, მისი და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები