რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან საუბრისას აღიარა, რომ 25 დეკემბერს სამგზავრო ლაინერის, Embraer 190-ის ჩამოვარდნა რუსულმა რაკეტამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ პუტინმა ალიევს მომხდარის გამო დეკემბრის თვეშივე მოუბოდიშა, თუმცა თავი შეიკავა იმის დასახელებისგან, თუ რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. შესაბამისად, არ აიღო პასუხისმგებლობა და არ დაიწყო გამოძიება.
როგორც Reuters-ი იტყობინება, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საუბრისას პუტინმა ლაინერის ჩამოვარდნის კონკრეტული დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ გროზნოს თავზე მყოფი ხომალდისკენ ორი რუსული რაკეტა გაიგზავნა და ორივე მათგანი თვითმფრინავის სიახლოვეს აფეთქდა. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პილოტებს მარშრუტი შეეცვალათ და დაშვება ყაზახეთში ეცადათ. თუმცა დაზიანება იმდენად მასშტაბური იყო, რომ პილოტებმა მისი აეროპორტამდე მიყვანა ვერ შეძლეს. საბოლოოდ, ხომალდმა ქალაქ აქთაუში კატასტროფა განიცადა. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 38 შეადგინა.
რუსეთის პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ დაიწყება მომხდარის დეტალური გამოძიება, დაღუპულთა ოჯახის წევრები კი კომპენსაციას მიიღებენ. “ჩვენი ვალია, გავარკვიოთ სიმართლე და დავადგინოთ, ზუსტად ვინ ან რამ განაპირობა ეს ტრაგედია” - უთხრა პუტინმა ალიევს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანული მხარე კრემლს მომხდარში თავიდანვე ადანაშაულებდა და როგორც გამოძიების დაწყებას, ისე დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდას ითხოვდა, თუმცა რუსული მხარე მხოლოდ ბოდიშით შემოიფარგლებოდა და მომხდარის რეალურ მიზეზს არ ასახელებდა.




























