2026 წლის პირველ კვარტალში გლობალური სმარტფონების მიწოდება 6%-ით შემცირდა, რადგან ზოგიერთი (DRAM და NAND მეხსიერების) კომპონენტის დეფიციტმა მიწოდება შეაფერხა და მწარმოებლებისთვის ხარჯები გაზარდა - ამის შესახებ Counterpoint Research-ის Market Monitor-ის წინასწარი შეფასებები იუწყება.
ლიდერი ბრენდები, ბაზრის წილის მიხედვით:
Apple - 21%
Apple პირველ კვარტალში პირველად გახდა გლობალური სმარტფონების ბაზრის ლიდერი, კომპანიამ ბაზრის 21%-იანი წილი დაიკავა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-იანი ზრდა აჩვენა.
კომპანიის წარმატება iPhone 17-ის სერიაზე მაღალმა მოთხოვნამ, trade-in პროგრამებმა და მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანმა მართვამ განაპირობა. Apple-მა განსაკუთრებით ძლიერი ზრდა აჩვენა ჩინეთში, ინდოეთსა და იაპონიაში.
Samsung - 20%
Samsung-ის მიწოდება კვარტალში 6%-ით შემცირდა და ბაზრის 20%-იანი წილი შეადგინა. ამის მიზეზი Galaxy S26-ის გამოშვების გადადება და ბიუჯეტური მოწყობილობების სეგმენტში არსებული სისუსტე გახდა. S26 სერიის საწყისი დინამიკა კვლავ ძლიერი იყო, ყველაზე მაღალი მოთხოვნა კი Ultra მოდელზე დაფიქსირდა. Samsung-მა პროდუქციის პორტფელი დააკორექტირა, შეამცირა ბიუჯეტური ვარიანტები და საწყისი ფასები გაზარდა.
Xiaomi - 13%
Xiaomi-ს მიწოდება 13%-ით შემცირდა, თუმცა მან 13%-იანი წილით მესამე ადგილი შეინარჩუნა. კომპანია ზეწოლის ქვეშ მოექცა ფასების მიმართ მგრძნობიარე ბიუჯეტურ სეგმენტზე დამოკიდებულების გამო, რომელზეც მეხსიერების გაძვირებამ ყველაზე დიდი გავლენა იქონია. ამასთან, ჩინეთის პრემიუმ სეგმენტში Xiaomi 17 სერია საკმაოდ კარგად იყიდებოდა.
OPPO-მ და vivo-მ 11% და 8%-იანი წილებით მეოთხე და მეხუთე პოზიციები დაიკავეს. vivo-ს მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა, თუმცა თავისი საშუალო კლასის სერიით ინდოეთის ბაზარზე ლიდერობა შეინარჩუნა. OPPO-მ კი ბიუჯეტურ სეგმენტში A5 სერიით ძლიერი შედეგები აჩვენა.
Google-მა და Nothing-მა შესაბამისად 14% და 25%-იანი ზრდა დააფიქსირეს, რაც სადისტრიბუციო არხების გაფართოებამ და პროდუქტის დიფერენციაციამ განაპირობა. Google-ის Pixel-ის ხაზმა განვითარებულ ბაზრებზე წილი AI შესაძლებლობებისა და გამოთვლითი ფოტოგრაფიის წყალობით გაზარდა, ხოლო Nothing-ის Phone (4a)-მ მომხმარებელთა დიდი დაინტერესება დაიმსახურა.
ენერგიის ფასების ზრდამ, გაძვირებულმა ლოგისტიკამ და ახლო აღმოსავლეთში არსებულმა დაძაბულობამ მომხმარებელთა მოთხოვნა დაბალ ნიშნულზე შეინარჩუნა და განახლებული (ე.წ. refurbished) მოწყობილობების მიმართ ინტერესი გაზარდა. მეხსიერების დეფიციტმა და გაზრდილმა ხარჯებმა ყველაზე მეტად ფასების მიმართ მგრძნობიარე სეგმენტებზე იმოქმედა, მაშინ როცა პრემიუმ მოწყობილობების მწარმოებლებმა შედარებითი მდგრადობა შეინარჩუნეს.
2026 წლის პროგნოზი კვლავ სუსტია, რადგან მეხსიერების დეფიციტი შესაძლოა 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. მოსალოდნელია, რომ მწარმოებლები დაბალმარჟიანი მოდელების რაოდენობას შეამცირებენ და ზრდისთვის პროგრამულ უზრუნველყოფასა და სერვისებს დაეყრდნობიან.




























