მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქები, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს

63b7df94aa3c1
ლიკა მეგუთნიშვილი
08.01.23 00:00
2765
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, საცხოვრებლად ისეთ ქალაქებს ანიჭებენ უპირატესობას, რომლებიც მეგობრული საგადასახადო პოლიტიკით, ცხოვრების მაღალი ხარისხით, უსაფრთხოებით, ეკონომიკური სტაბილურობით, ასევე განათლებისა და კეთილმოწყობის ხელმისაწვდომობით გამოირჩევიან.

რამდენი მილიონერი, მულტიმილიონერი და მილიარდერი ცხოვრობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალაქებში?

Henley Global Citizens Report-ისა და New World Wealth-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს იმ უმდიდრესი ქალაქების რეიტინგს გთავაზობთ, რომლებსაც პლანეტის მდიდარი ადამიანები საცხოვრებლად ირჩევენ.

საინტერესოა, რომ რეიტინგის ტოპ-10 ქალაქიდან ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. ალბათ გასაკვირი არავისთვის არის, რომ ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი ნიუ-იორკში ცხოვრობს. "დიდი ვაშლი", როგორც ქალაქს მეორენაირად უწოდებენ, 345,600 მილიონერს, 737 მულტიმილიონერსა და 59 მილიარდერს აერთიანებს. ყველაზე მდიდარი ნიუ-იორკის მაცხოვრებლებიდან კი ილონ მასკია, რომლის ქონება "ბლუმბერგის" მლიარდერების ინდექსის მიხედვით, $124 მილიარდად არის შეფასებული.

ნიუ-იორკი აშშ-ს მთავარი ფინანსური ცენტრი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქია, სადაც მსოფლიოს ორი უმსხვილესი საფონდო ბირჟა მდებარეობს. ქალაქში ცხოვრება ნამდვილად ძალიან ძვირია, რაზეც უძრავი ქონების ფასებიც მეტყველებს. მაგალითად მანჰეტენზე, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანები ცხოვრობენ, ბინების ფასი კვადრატულ მეტრზე $28 000-დან იწყება.

მეორე ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ადამიანი იყრის თავს - ტოკიოა, რომელიც არა მხოლოდ იაპონიის ეკონომიკური ცენტრი, არამედ ბიზნესისა და ფინანსების თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია. აქ 304,900 მილიონერი, 263 მულტიმილიონერი და 12 მილიარდერი ცხოვრობს. ტოკიოს ყველაზე მდიდარი მკვიდრი კი, იაპონელი ბიზნესმენი, ტადაში იანაია, რომლის ქონება $30.9 მილიარდად ფასდება. იაპონიის დედაქალაქი საბანკო და სადაზღვევო სექტორის მთავარი ცენტრია და ისეთი უმსხვილესი კომპანიების სამშობლოა, როგორიცააა: Honda, Sony, Mitsubishi, Softbank და სხვა. აღსანიშნავია ტოკიოს საფონდო ბირჟაც, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციით აზიაში უმსხვილესია.

რეიტინგში მესამე პოზიციას სან-ფრანცისკოს ყურე იკავებს, რომელიც ქალაქ სან-ფრანცისკოსა და სილიკონ ველს აერთიანებს. სან-ფრანცისკოს ყურეში 276,400 მილიონერი, 623 მულტიმილიონერი და 62 მილაირდერი ცხოვრობს. სილიკონის ველი ხომ ტექნიკური ინოვაციების მექად არის აღიარებული და გასაკვირიც არ არის, რომ აქ მდიდარი ადამიანების კონცენტრაციაა. სან-ფრანცისკოს ყურეში მილიონერების რიცხვი ბოლო 10 წლის განმავლობაში სტაბილურად მზარდია და თუ ბოლო წლების ტენდენცია შენარჩუნდება, 2040 წლისთვის სან-ფრანცისკო მილიონერების რაოდენობით მსოფლიოს ნომერ პირველი ქალაქი გახდება.

მეოთხე ყველაზე მდიდარი ქალაქი ლონდონია, სადაც დღეს 272,400 მილიონერი, 406 მულტიმილიონერი და 38 მილიარდერი იყრის თავს. ლონდონიც უძველესი ფინანსური ცენტრია და მუდმივად იზიდავს მაღალშემოსავლიან პროფესიონალებს, რომლებიც მის რეპუტაციას, როგორც სიმდიდრისა და ფუფუნების კერას - ხელს უწყობენ. ამის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ლონდონიდან მილიონერების გადინება მოხდა და უამრავმა მათგანმა მიმდებარე ქალაქებში გადაინაცვლა. გადინების რამდენიმე შესაძლო მიზეზი არსებობს, მათ შორის ქალაქში დანაშაულის მაჩვენებლის ზრდაა.

რეიტინგის ხუთეულს სინგაპური ხურავს, რომელიც ტოკიოს შემდეგ აზიის მეორე უმდიდრესი ქალაქია. სინგაპურში 249,800 მილიონერი, 336 მულტიმილიონერი და 26 მილიარდერი ცხოვრობს. ქალაქის ყველაზე მდიდარი მაცხოვრებელი ჩინური წარმოშობის სინგაპურელი ბიზნესმენი ლი ქსიტინია, რომლის ქონებაც $17.1 მილაირდს შეადგენს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სინგაპურში ოჯახების 5%-ზე მეტს $1 მილიონის ფინანსური აქტივები აქვს, რასაც ნაწილობრივ ქალაქ-სახელმწიფოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო განაპირობებს. გარდა ამისა, სინგაპურის პოლიტიკურმა სტაბილურობამ, დანაშაულის დაბალმა დონემ და ცხოვრების მაღალმა ხარისხმა ქალაქის მიმზიდველობას ხელი შეუწყო და მილიონერი მიგრანტებისთვის საყვარელ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილად აქცია.

ათეულში დარჩენილ ადგილებს კი ამერიკის სამი და ჩინეთის ორი ქალაქი ინაწილებს:

მეექვსე პოზიციაზე მსოფლიოში გართობის მთავარი ცენტრი ლოს-ანჯელესია, სადაც 192,400 მილიონერი, 393 მულტიმილიონერი და 34 მილიარდერი ცხოვრობს.

მეშვიდე ადგილზე უაღესად დივერსიფიცირებული ეკონომიკის მქონე ქალაქი ჩიკაგო ხვდება, რომელიც 160,100 მილიონერს, 340 მულტიმილიონერსა და 28 მილიარდერს აერთიანებს.

მერვე პოზიცია ჰიუსტონს ერგო, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში სიმდიდრის თვალსაზრისით მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია. აქ 132,600 მილიონერი, 314 მულტიმილიონერი და 25 მილიარდერი ცხოვრობს.

მე-9 ადგილზე ჩინეთის მილიარდერების დედაქლაქი - პეკინია. ქალაქს 131,500 მილიონერი, 363 მულტიმილიონერი და 44 მილიარდერი ირჩევს, ამავედროს უმსხვილესი ჩინური კომპანიების სათაო ოფისების უმეტესობა, სწორედ ამ ქალაქში მდებაროებს.

მილიონერების რაოდენობის თვალსაზრისით, ყველაზე მდიდარი ქალაქების რეიტინგის ათეულს ჩინეთის ფინანსური ცენტრი შანხაი ხურავს, რომლის საფონდო ბირჟა საბაზრო კაპიტალიზაციით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა. შანხაიში დღეს 130,100 მილიონერი, 350 მულტიმილიონერი და 42 მილიარდერი ცხოვრობს.

რეიტინგში შემავალი თითოეული ქალაქი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და პოპულარული ადგილებია. ზოგიერთი მათგანი ათწლეულების განმავლობაში რეიტინგის პირველობას არავის უთმობს. თუმცა, როგორც ექსპერტები ფიქრობენ, სამომავლოდ, შესაძლებელია, ეს რეიტინგი სრულიად შეიცვალოს. ტენდენცია უკვე გამოიკვეთა. 2022 წელს, მილიონერებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ნავთობისა და გაზის მრეწველობის ქალაქებია. ერთ-ერთი ასეთი არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქებია, რომლებიც მილიონერების მაგნიტად იქცა და მხოლოდ 2022 წელს 4000-ზე მეტი მილიონერი მიიზიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები