მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიონერების მიგრაცია მსოფლიოში - რომელ ქვეყნებს ირჩევენ მდიდრები?

646130452efd1
ლიკა მეგუთნიშვილი
14.05.23 22:57
1824
Henley & Partners-ის კვლევის თანახმად, 2022 წელი მილიონერების მიგრაციის თვალსაზრისით, ისტორიული იყო და საცხოვრებელი ადგილი 88 000-მა მილიონერმა შეიცვალა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ანალიტიკოსების პროგნოზით, 2023 წელს ეს რიცხვი 125 000-ს გადააჭარბებს.

აღსანიშნია ისიც, რომ იცვლება მილიონერების საყვარელი ადგილები, მაგალითად, თუ ერთ დროს შეერთებული შტატები მილიონერებისთვის სასურველი ქვეყნების სიაში მოწინავე პოზიციას არ თმობდა, ახლა ის მდიდარი ადამიანებისთვის სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველია. ბოლო პერიოდში აშშ-ში მდიდარი მიგრანტების კლებასთან ერთად მზარდია მილიონერების გადინების ტენდენციაც. მიზეზების მაძიებლებისათვის პირველადი ახსნა მაღალი გადასახადები, კომპანიების ოფშორში დარეგისტრირების სირთულეები და ქალაქებში დანაშაულის რაოდენობის მაჩვენებლების ზრდაა. მილიონერებს ამერიკის შეერთებულ შტატებში სულ უფრო ნაკლებად მოსწონთ ჯანდაცვაში გაზრდილი ხარჯები და ჯანმრთელობის დაზღვევის მიღების სირთულეები, რაც განსაკუთრებით ასაკოვანი მდიდარი ადამიანებისთვის პრობლემური ხდება.

აშშ-ს მსგავსად, მდიდარი მიგრანტების ინტერესი კანადის მიმართაც იკლებს. პროცესი იმიგრანტი ინვესტორების პროგრამის გაუქმებამ დააჩქარა. იქამდე არსებული პოლიტიკით მთავრობისათვის ფულის სესხების სანაცვლოდ ინვესტორები მუდმივ საცხოვრებელსა და ეკონომიკური სარგებლის მიღების უფლებას იღებდნენ.

არასახარბიელო მდგომარეობა აქვს ჩინეთსაც. 2022 წელს ქვეყანა 10 000-მა მილიონერმა დატოვა, რისი მიზეზიც მმართველი კომუნისტური პარტიის ძალაუფლების განმტკიცება და ტექნოლოგიური სექტორის წინააღმდეგ დაწესებული შემზღუდავი რეგულაციები გახდა. ინვესტორები არჩევანს გამართული სასამართლო სისტემის მქონე ქვეყნების სასარგებლოდ აკეთებენ.

მილიონერების მიგრაცია რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო დააჩქარა. უკრაინის მაღალშემოსავლიანი ოჯახების 40%-ზე მეტმა ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით დატოვა. დისკომფორტის გამო რუსეთში ცხოვრებაზე უარი 15 000-მა მილიონერმა თქვა, რაც მილიონერების საერთო რაოდენობის 15%-ს შეადგენს.

ომის ეფექტით საცხოვრებლის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღება დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა მილიონერების ნაწილმაც მიიღო. გასულ წელს ქვეყანა 1 500-ზე მეტმა მაღალშემოსავლიანმა მუდმივა მაცხოვრებელმა დატოვა, რომელთა დიდი ნაწილი რუსი ოლიგარქი იყო. მილიონერების ლონდონში ცხოვრებაზე უარის მიზეზებში ბრექსიტს და გადასახადების ზრდას თავისი წვლილი ჰქონდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მდიდარ ადამიანები ომს, არასტაბილურობას, ავტორიტარულ რეჟიმებსა და მკაცრ რეგულაციებს თავს ეკონომიკურად სტაბილურ, უსაფრთხო გარემოსა და ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის მქონე ქვეყნების სასარგებლოდ არიდებენ.

მდიდრებს ბოლო დროს განსაკუთრებით არაბეთის გაერთიანებული საამიროები იზიდავთ. ქვეყანა ბოლო წლებში სიმდიდრის კერად იქცა. მხოლოდ 2022 წელს, საამიროები დამატებით 4000-ზე მეტი მილიონერისათვის საცხოვრებელი ქვეყანა გახდა და მათი უმეტესობა რუსეთიდან, ინდოეთიდან, აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდანაა. საამიროებში ცხოვრებით ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებიც იხიბლებიან, რასაც ხელს სახელმწიფო პროგრამები და ნულოვანი საგადასახადო პოლიტიკა უწყობს.

მდიდრები საცხოვრებლად არც ავსტრალიას იწუნებენ. New World Wealth-ის მონაცემებით, ბოლო 20 წელში ქვეყანაში საცხოვრებლად 80 000-ზე მეტი მილიონერი გადავიდა. მხოლოდ 2022 წელს კი, ავსტრალიაში 3 500 მდიდარი ადამიანი იმიგრირდა. დუბაის მსგავსად ავსტრალიაც მოქნილი საგადასახადო პოლიტიკით გამოირჩევა, გარდა ამისა, ავსტრალიაში მდიდრების მასობრივ შედინებას ქვეყნის უსაფრთხოების მაღალი დონე, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა და იქ ბიზნესის დაწყების სიმარტივე განაპირობებს.

აზიაში სიმდიდრის უმთავრეს ცენტრად სინგაპური გვევლინება. კუნძულოვანი სახელმწიფო ბიზნესმენებსა და მეწარმეებს მრავალფეროვან ბიზნეს-შესაძლებლობებს სთავაზობს. მდიდარი ადამიანებისთვის ქვეყნის მიმზიდველობას ისიც განაპირობებს, რომ სინგაპურის მოქალაქეობის მიღება ძალიან მარტივია და ამ ქვეყნის პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა ქვეყანაშია შესაძლებელი. სინგაპური მდიდარ ადამიანებს ძირითადად აზიიდან იზიდავს, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში იქ სხვა ეროვნების მაღალშემოსავლიანი პირების მიგრაციაც შეინიშნება. 2022 წელს ქვეყანა საცხოვრებლად 2 800 მილიონერმა აირჩია.

საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და რუსეთიდან უამრავ ადამიანს იზიდავ ისრაელიც. ქვეყანაში გასული წლის განმავლობაში 2 500 მილიონერი გადავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 2%-იანი ზრდას ნიშნავს. შტატების მოქალაქეების სასურველ მიმართულებად ისრაელი 2019 წლიდან იქცა, რაც ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიღებულ საინვესტიციო ვიზას უკავშირდება. EB 5 ვიზა აშშ-ს მოქალაქეებს ისრაელში ბინადრობის უფლებასთან ერთად მსხვილი ინვესტირების უფლებასაც აძლევს.

ევროპაში ულტრამდიდარი ადამიანების მიზიდულობის კერაა შვეიცარიაც. ქვეყანამ ბოლო ერთ წელში 2 200 მილიონერი მაცხოვრებელი შეიძინა, რაც უმთავრესად ლოიალურმა საგადასახადო სისტემამ და განვითარებულმა ფინანსურმა ინდუსტრიამ განაპირობა. ბოლო წლებში ლიბერალურმა კრიპტო პოლიტიკამ შვეიცარიის მიმართ ინტერესი კონკრეტულად კრიპტო მილიონერებშიც გააჩინა.

სხვა და სხვა ქვეყნის მიმართ დაინტერესების ტენდენციები რიცხვებში ადვილად აჩვენებს საერთო სურათს და ხსნის მთავარს - მდიდრები საცხოვრებლად იმ ქვეყნებსა თუ ქალაქებს ირჩევენ, სადაც თავად და ამავე დროს მათი ქონებაც უფრო უსაფრთხოდ, სტაბილურად და სამართლებრივ გარემოში იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები