ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თეთრ სახლში დონალდ ტრამპი გადაბარგდება. მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ამერიკელ მილიარდერს ამ დრომდეც დაუკავებია, ანუ ქვეყნის მართვის სპეციფიკაში ის კარგადაა გარკვეული. არანაკლებად კარგად იცნობს დონალდ ტრამპი მსოფლიო ლიდერებს, რომელთა დიდ ნაწილთან პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს საკმაოდ მჭიდროდ უმუშავია.
თუმცა მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა — უკრაინაში და ისრაელში ომი დაიწყო, BRICS-ის კავშირი გაფართოვდა, ხოლო რუსეთი დასავლურ ფინანსურ ბლოკადაში მოექცა და მოკავშირედ მოძლიერებული ჩინეთი და ინდოეთი დაიყენა. ჩრდილოეთ კორეაში და თურქეთში, მართალია, მმართველობა არ შეცვლილა, მაგრამ გერმანიაში, სამხრეთ კორეაში და იაპონიაში მთავრობები შეიცვალა. ახალი ხელმძღვანელი ჰყავს აშშ-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან NATO-საც.
ბოლო ოთხ წელიწადში, გლობალური გეოპოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, მაგრამ ცვლილებებს ფეხი თავად დონალდ ტრამპმაც აუგო, რომელიც, როგორც ჩანს, მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ნაკლებად რადიკალური და მეტად კონსტრუქციული იქნება. მაშ, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით და რას ელოდონ მსოფლიო ლიდერები აშშ-ის ახალი პრეზიდენტისგან? ამ თემაზე ამერიკულმა Bloomberg-მა იმუშავა, ხოლო გამოცემის მიგნებებს თავი ამ სტატიაში მოვუყარეთ.
დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს ერთ-ერთ გამარჯვებულად ამერიკული Bloomberg-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ასახელებს, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც პრეზიდენტმა ქვეყანას გარკვეული სამხედრო დახმარება შეუჩერა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში აშშ-ის მთავარ მოკავშირედ ისრაელი წინა ოთხი წლის განმავლობაშიც ითვლებოდა, მაგრამ ტრამპისა და ნეთანიაჰუს გაცილებით თბილი ურთიერთობა აქვთ, თან აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, როგორც ვიცით, ირანს და მის მოკავშირეებს დიდად არ სწყალობს.
Bloomberg-ის ვარაუდით, დონალდ ტრამპის დაბრუნებით ასევე იხეირებს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი, რომელმაც მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის მართვის უფლება ცოტა ხნის წინ თავადაც ხელახლა მოიპოვა. ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მეგობრული ურთიერთობა აქვთ, რაც პოლიტიკურ კონტექსტში ერთმანეთის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. თუ ბაიდენი ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის და სამხედრო ტექნიკის შესყიდვით უკმაყოფილო იყო, ამ სიმბიოტურ გარიგებაზე, ტრამპი, სავაურადოდ, თვალს დახუჭავს.
ინდოეთიდან რუსეთში გადავინაცვლოთ, სადაც ბოლო ორი დეკადის განმავლობაში ერთი ლიდერი — ვლადიმირ პუტინი ჰყავთ. ისტორია გვეუბნება, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომლის მმართველობის პირობებში რუსეთის ფედერაციას ომი არ დაუწყია. დღეს, ტრამპი ბაიდენის დროს დაწყებული ომის დასრულების იდეით გამოდის, მაგრამ კონკრეტულად რა პირობებით, არავინ იცის. აი, სწორედ ამ მიდგომაზე და პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული, მოიგებს თუ არა ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით.
აი, სწორედ უკრაინის პრეზიდენტი აღმოჩნდება ყველაზე დიდი გაურკვევლობის წინაშე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ვოლოდიმირ ზელენსკი, მართალია, ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, მაგრამ ამ სიხარულის უკან, შესაძლოა, შფოთი იდგეს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ტრამპისეული გეგმა, შესაძლოა, უკრაინის მიერ გარკვეული ტერიტორიების დათმობას მოიაზრებდეს, რაზედაც ვოლოდიმირ ზელენსკი, წესით და რიგით, თანახმა არ უნდა იყოს. წინააღმდეგობის შემთხვევაში, ტრამპმა, შესაძლოა, უკრაინას დაფინანსება შეუჩეროს, რაც ზელენსკის რთული დილემის წინაშე დააყენებს.
დილემები, წესით და რიგით, არც ჩინეთის პრეზიდენტს მოაკლდება. დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ურთიერთობა მეგობრული არასდროს ყოფილა, მეტიც — ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი სწორედ დონალდ ტრამპის მმართველობის პირობებში დაიწყო. 2020 წლის შემდეგ, ელექტრომობილების სახით ჩინეთის ეკონომიკაში ახალი მიმართულება გაჩნდა, რომელიც სი ძინპინის მთავრობას რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარის სუბსიდიად დაუჯდა, მაგრამ ეს დიდად არ ადარდებს დონალდ ტრამპს, რომელსაც, ამ დროს, ამერიკული ავტოწარმოების ამოქოქვა სურს, რისთვისაც არც უზარმაზარ ტარიფებს ერიდება.
გაყოფაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც დონალდ ტრამპთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. კირ სტარმერი, მართალია, თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, მაგრამ ამ მოკლე დროში ერთ სკანდალში უკვე გაეხვია, როცა რესპუბლიკურმა პარტიამ ის დემოკრატებისთვის მოხალისეების მობილიზებაში დაადანაშაულა. თუმცა ეს ახლა, თორემ სტარმერი და მისი კაბინეტის წევრები ტრამპს არც ადრე სწყალობდენ და ქალთმოძულე, ნეონაცისტურად გადახრილ სოციოპატსაც კი უწოდებდნენ. ტრამპის გარდა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს გულზე არც დონალდ ტრამპის მთავარი სპონსორი, ილონ მასკი ეხატება.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ტრადიციული გაგებით მსოფლიო ლიდერი არ არის, რის გამოც ის Bloomberg-ის ამ რეიტინგის მიღმა აღმოჩნდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ილონ მასკმა, შესაძლოა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობით ყველაზე მეტად იხეიროს. არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ, ამერიკელი ანტრეპრენიორის ქონების შეფასებამ $290 მილიარდამდე იმატა, თან ამ თანხაში არ შედის ის სავარაუდო სარგებელი, რომელსაც ილონ მასკის Tesla დონალდ ტრამპის სამომავლო გადაწყვეტილებებისგან მიიღებს. ცხადია, არ ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის კაბინეტში, ილონ მასკმა, შესაძლოა, კონკრეტული როლიც მოირგოს.