ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მწვავე კრიტიკით გამოდის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ.
ბოლო განცხადებაში ტრამპმა ზელენსკი არა მხოლოდ არაკომპეტენტურობაში, არამედ დიქტატორულ მმართველობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინის ლიდერმა აშშ-ის მთავრობა 350 მილიარდი დოლარის დახარჯვაზე დაითანხმა ისეთ ომში, რომელსაც „ვერ მოიგებდა და საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო“.
ტრამპი ამტკიცებს, რომ უკრაინას ამერიკული დახმარება უპირობოდ ეძლევა, მაშინ როცა ევროპული ქვეყნები თავიანთი რესურსების დაბრუნებას სესხის სახით უზრუნველყოფენ. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა ხარჯების თანაბრად გადანაწილება და ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა „უსაზღვრო ფულის ხარჯვით“ გამოიხატა.
გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ უკრაინაში „დიქტატორული მმართველობა“ ყალიბდება, რადგან ზელენსკი არჩევნებს არ ნიშნავს. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი „ბაიდენს სათავისოდ იყენებდა“ და ომს ქვეყნის სასიკეთოდ კი არა, პირადი ძალაუფლების შესანარჩუნებლად აგრძელებდა.
ტრამპი ასევე აცხადებს, რომ ომი ვერ დაიწყებოდა მისი პრეზიდენტობისას და რომ ის ერთადერთი გლობალური ლიდერია, ვისაც რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლია. მისი განცხადებით, ზელენსკიმ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინას სუვერენიტეტის დაკარგვა ემუქრება.
„წარმოიდგინეთ რა მოხდა: საშუალოდ წარმატებულმა კომიკოსმა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაარწმუნა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ომში 350 მილიარდი დოლარის დახარჯვაზე. ეს იმ ომში, რომელსაც, ის ფაქტობრივად, ვერ მოიგებოდა. საერთოდ არ იყო საჭირო ამ ომის დაწყება და არც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. ამის ნულოვანი შანსი ექნებოდა.
სამწუხაროდ, ეს ომი დაიწყო და თუ ამერიკა და ტრამპის ადმინისტრაცია არ ჩაერთვებიან, ის ვერასდროს მოგვარდება. ისინი ვერ მოაგვარებენ ამ ომს ჩვენს გარეშე. ამიტომაც გააკეთეს ასეთი „კარგი საქმე“ ამ კვირას. ამიტომაც უმასპინძლა საუდის არაბეთმა ასეთ წარმატებულ შეხვედრას ამ შაბათ-კვირას.
შეერთებულმა შტატებმა უკვე დახარჯა 200 მილიარდი დოლარით მეტი, ვიდრე ევროპამ, თან ევროპას გარანტირებული აქვს, რომ თავისი ფული უკან დაიბრუნებს, რადგან ეს თანხა სესხის სახითაა გაცემული. ამის შესახებ საჯაროდ თითქმის არავინ საუბრობს, მაგრამ მე ეს კარგად ვიცი. ადრე ვთქვი კიდეც: „რატომ არ ლაპარაკობს არავინ იმაზე, რომ ჩვენ იგივე გზით ვყრით ფულს, თან ბევრად მეტს ვიდრე ევროპა?“. მაშინ, როდესაც ამერიკა ვერაფერს იღებს უკან, ევროპა თავის ფულს იბრუნებს – ეს არის სესხი, უბრალო სესხი. ჩვენ კი უაზროდ ვაძლევთ ფულს უკრაინას. გვქონდა შეთანხმება იშვიათი მინერალების მიწოდებაზე და სხვა რესურსებზე, მაგრამ, უკრაინის გამო, ეს შეთანხმებაც ჩაიშალა.
აი, სწორედ ასეთი არის ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი შედეგები. მაგრამ ახლა უკვე მათ საქმე აღარ აქვთ იმავე შეერთებულ შტატებთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ იყო, რადგან პრეზიდენტი მე გავხდი. რატომ არ მოითხოვა „კორუმპირებულმა“ ჯო ბაიდენმა ხარჯების გათანაბრება, თუ ეს ომი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ევროპისთვის, ვიდრე ჩვენთვის? ამას გარდა, ზელენსკი აღიარებს, რომ იმ ფულის ნახევარი, რომელიც გადავუგზავნეთ, დაკარგულია – არ იციან, სად არის. მან თქვა: „ჰოდა, არ ვიცით, სადაა მისი ნახევარი.“ შესანიშნავია, არა?!
გარდა ამისა, ზელენსკი უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე, რადგან რეალურ უკრაინულ გამოკითხვებში მას საშინელი შედეგები აქვს. განა როგორ შეიძლება მაღალი რეიტინგი გქონდეს, როცა ყველა ქალაქი ნანგრევებადაა ქცეული? ძნელია. ვიღაც ამბობს: „არა, მისი რეიტინგი კარგია.“ - რანაირად?! ყველა ქალაქი დანგრეულია – ნანგრევებადაა ქცეული, თითოეული ქალაქი და სოფელი. ერთადერთი, რაც მას კარგად გამოსდის, ესაა ჯო ბაიდენის მართვა და მანიპულირება. ბაიდენზე, ასე ვამბობთ ხოლმე: „ის ადვილი დასატრიალებელია“, რაც მართალია.
მოკლედ, უკრაინაშია დიქტატორი არჩევნების გარეშე. ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, თორემ მას საერთოდ აღარ დარჩება ქვეყანა. უნდა იმოქმედოს, სასწრაფოდ, რადგან ომი არასწორი მიმართულებით ვითარდება და მან ეს იცის.“ - აცხადებს დონალდ ტრამპი.
თავის ბოლო განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროპული ქვეყნები ამ მიმართულებით არანაირ რეალურ ნაბიჯებს არ დგამდნენ. მისი თქმით, არც ჯო ბაიდენს და არც ევროპას არასდროს უცდიათ კონფლიქტის შეჩერება, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ვერ ახერხებდა“ ომის შეჩერებას და შესაძლოა, მას უბრალოდ სურდა, რომ ფულის ნაკადი არ შემწყდარიყო.
ტრამპი ხაზს უსვამს, რომ ზელენსკის არ გაუმართავს ოფიციალური მოლაპარაკებები რუსეთთან ბოლო სამი წლის განმავლობაში. მისი თქმით, „საუბრის გარეშე ომი ვერ დასრულდება“, თუმცა უკრაინის მთავრობა დიპლომატიურ გზებს უგულებელყოფდა.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომს საშინელი მსხვერპლი ახლავს: მისი მონაცემებით, რუსეთმა 900,000 ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო უკრაინას 700,000-მდე მსხვერპლი ჰყავს.
„საბედნიეროდ, ჩვენ წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასასრულებლად, რისი გაკეთებაც, უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ ჩემს ადმინისტრაციას შეუძლია. მგონია, პუტინმაც კი აღიარა, რომ ბაიდენს არასდროს უცდია ომის დასრულება. ევროპამ ვერ მოახერხა მშვიდობის დამყარება, ზელენსკის კი, იქნებ, უბრალოდ უნდა, რომ „ფულის ნაკადი“ არ შეწყდეს. არ ვიცი, მას რა უნდა, მაგრამ, ფაქტია, ვერ ახერხებს ომის შეჩერებას. ის ახლა ძალიან განიცდის, რომ საუდის არაბეთში არ მიიწვიეს. შეეძლო მოსვლა, რომ ნდომებოდა, მაგრამ არ დაპატიჟეს. მართალია, ზელენსკი უკვე სამი წელია „მუშაობს“, მაგრამ არც ოფიციალური შეხვედრები ყოფილა რუსეთთან, არც სატელეფონო ზარები, რომ ომი შეჩერებულიყო. საუბრის გარეშე კი, ომი ვერ დასრულდება.
რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა. როგორც ვიცით, რუსეთმა 900,000 ჯარისკაცი დაკარგა, უკრაინამ, ალბათ, 700,000 მებრძოლი. საზარელ სცენებს ვხედავთ, ველ-მინდვრებზე ყველგან გვამებსა და სხეულის ნაწილებს შეხვდებით. ჩვენ სატელიტებით ამ ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ.
მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელი საქმე გააკეთა – მისი ქვეყანა გაპარტახებულია, მილიონობით ადამიანი საზარელ ომში დაიღუპა. ომს ვერ დაამთავრებ, თუ ორივე მხარეს არ დაელაპარაკები. საუბარი აუცილებელია. მაგრამ სამი წელია არავის უსაუბრია, ასე რომ, ვიმედოვნებთ, მალე ვიხილავთ ცეცხლის შეწყვეტას და ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის აღდგენას“. - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.