მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქში მოძრაობს ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერების მიმართულებით, კრიტიკას ვერ უძლებს - კალაძე

6489746952b52
BM.GE
14.06.23 12:02
1394
მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვის გზით, გამონაბოლქვის შემცირებისკენ მიმართული რეგულაციების დადგენა, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას შეუშლის ხელს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი ზღვრული ნორმების დაწესებას ეხება.

„ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში მომრავლებული კერძო ავტომობილები. სტატისტიკას გეტყვით: 2012 წლამდე თბილისში, პიკის საათებში, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა. დღეის მონაცემებით, თბილისში 600 000-ზე მეტი კერძო ავტომობილი მოძრაობს. ეს კი გამონაბოლქვის და ჰაერის დაბინძურების მხრივ, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ასევე, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი პრაქტიკა დაინერგა საქართველოში, როცა ავტომობილების უდიდეს ნაწილს ე.წ. კატალიზატორს აცლიან, ჰყიდიან და ამ დროს, ავტომობილი ჰაერის საშინლად და სახიფათოდ დაბინძურებული ხდება. სწორედ ესაა უმთავრესი მიზეზი აზოტის ოქსიდებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების და ამ მხრივ, დედაქალაქში მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მხრიდანაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, მივესალმები იმ ძალიან სწორ და საჭირო ინიციატივას, რაც პრემიერ-მინისტრმა დაანონსა. ამ რეგულაციების დადგენა, რასაკვირველია, შეზღუდავს მოძველებული და მაღალი გაფრქვევების მქონე ავტომობილების შემოყვანას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუშლის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. ასევე, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ქალაქში მოძრაობს ისეთი ავტომობილები, რომლებიც ტექდათვალიერების მიმართულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამ მიმართულების მოსაწესრიგებლადაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ ყველას ჩართულობით, ჰაერის გასუფთავებას მივაღწიოთ, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ისაუბრა ტრანსპორტის რეფორმასა და ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ 2017 წლის შემდეგ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განახორციელა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს რომ დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და ყველამ, როგორც მუნიციპალიტეტმა, ასევე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს. ჩვენ 2017 წელს რაზეც დავიწყეთ აქტიური მუშაობა, ერთ-ერთი იყო ეს თემა და ბევრი სასიკეთო ნაბიჯიც გადაიდგა. გავამკაცრეთ რეგულაციები ამტვერებადი მასალების ტრანსპორტირებაზე და განთავსებაზე; მოეწყო არაერთი რეკრეაციული სივრცე, სადაც დაირგო ათასობით ნერგი და ეს პროცესი გრძელდება; სრულად განახლდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები. გვახსოვს, როგორი გამონაბოლქვი ჰქონდა, როგორც ავტობუსს, ასევე მიკროავტობუსს, რომელიც უდიდესი პრობლემა იყო. ამ ყველაფერს ვსუნთქავდით ჩვენ, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დღეს დედაქალაქს ჰყავს სრულად განახლებული ევრო 6-ის ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები