მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალები წელიწადში 3 900 ევროთი უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე კაცები - Eurostat

სახელფასო სხვაობა

Eurostat-ის მონაცემებით, ქალების საშუალო საათობრივი დარიცხული ხელფასი 11.1%-ით ნაკლებია კაცების ანაზღაურებასთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში კაცის მიერ გამომუშავებულ ყოველ 100 ევროზე ქალი 88.9 ევროს იღებს.

წლიურ ჭრილში ეს სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა. ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის (ETUC) შეფასებით, რომელიც ასევე ევროსტატის მონაცემებს ეყრდნობა, ევროკავშირში დასაქმებული ქალი კაცზე საშუალოდ თითქმის 3 900 ევროთი ნაკლებს იღებს წელიწადში.

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში დასაქმებული 92.5 მილიონი ქალი ჯამურად წელიწადში 358 მილიარდ ევროზე მეტს კარგავს.

"სახელფასო გამჭვირვალობის ზომების გატარება კომპანიებისთვის მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ანალიზი აჩვენებს, რომ ეროვნული მთავრობების უმოქმედობა დასაქმებულ ქალებს დაკარგული ხელფასების სახით მილიარდობით ევრო უჯდებათ", - განაცხადა ETUC-ის გენერალურმა მდივანმა ესთერ ლინჩმა.

ლუქსემბურგი ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც ქალებს კაცებზე მეტს უხდიან და მათი წლიური შემოსავალი საშუალოდ 474 ევროთი მეტია.

გენდერული სახელფასო სხვაობის ღირებულება: რამდენით ნაკლებს გამოიმუშავებენ ქალები ყოველწლიურად? (2025 წელი)

ქვეყანა სხვაობა (EUR)
დანია 7,648
ფინეთი 7,592
ავსტრია 6,854
გერმანია 6,049
შვედეთი 5,116
ესტონეთი 4,967
საფრანგეთი 4,536
ჩეხეთი 4,499
ირლანდია 4,129
ევროკავშირი (EU) 3,881
ნიდერლანდები 3,684
სლოვაკეთი 3,487
კვიპროსი 3,405
უნგრეთი 3,181
ლატვია 2,856
საბერძნეთი 2,591
ლიეტუვა 2,404
სლოვენია 2,245
ესპანეთი 2,005
ბულგარეთი 1,583
იტალია 1,557
პორტუგალია 1,356
ხორვატია 1,328
მალტა 1,258
პოლონეთი 786
რუმინეთი 685
ბელგია 322
ლუქსემბურგი -474

ევროკავშირის სახელფასო გამჭვირვალობის დირექტივა მიზნად ხელფასების გამჭვირვალობის გაზრდასა და გენდერულ სახელფასო სხვაობასთან ბრძოლას ისახავს. ის ძალაში 2026 წლის 7 ივნისამდე უნდა შესულიყო, თუმცა წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ეს ვადა დაარღვია.

"ეს სრულიად მიუღებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქალები ათწლეულების განმავლობაში განიცდიდნენ სახელფასო დისკრიმინაციას", - განაცხადა ლინჩმა.

ETUC-ის შეფასებით, დირექტივის გავლენა მნიშვნელოვანი იქნება: სახელფასო სხვაობის თუნდაც 10%-ით შემცირება დიდ სარგებელს მოიტანს, რადგან ამ შემთხვევაში დასაქმებული ქალი წელიწადში საშუალოდ 672 ევროთი მეტს გამოიმუშავებს.

სახელფასო სხვაობის 10%-ით შემცირების შემთხვევაში, ყველაზე დიდი მატება - 1 069 ევრო, საფრანგეთში დაფიქსირდება, რასაც ირლანდია - 1 033 ევროთი მოსდევს.

დასაქმებული ქალის წლიური შემოსავალი ასევე გაიზრდება ფინეთში (+963 ევრო), გერმანიაში (+867 ევრო), იტალიაში (+847 ევრო) და დანიაში (+802 ევრო).

ყველაზე დაბალი წლიური მატება პოლონეთში იქნება - 221 ევრო, ვინაიდან ამ ქვეყანაში გენდერული სახელფასო სხვაობა შედარებით მცირეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები