მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქალების ეკონომიკაში ჩართულობისთვის, საჭიროა როგორც საკანონმდებლო, ისე სამეწარმეო კუთხით აქტივობები" - ანა ჩხეიძე

 UNDP

"ქალების ეკონომიკაში ჩართულობისთვის, საჭიროა როგორც საკანონმდებლო, ისე სამეწარმეო კუთხით აქტივობები", - ამის შესახებ გაეროს "ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის" პროექტის კოორდინატორმა, ანა ჩხეიძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადზე მიღებას აცხადებს. პროგრამა ქალ ლიდერებს, რომლებიც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსა და საწარმოებს წარმოადგენენ, 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს.

მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საშუალო ასაკის ქალების 60% სამუშაოს გარეთაა დარჩენილი, ხოლო აქტიური საწარმოების 33%-ია ქალების მფლობელობაში. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, ჩხეიძე აღნიშნავს, რომ როგორც საკანონმდებლო, ასევე სამეწარმეო მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების გატარებაა აუცილებელი. ვინაიდან, ქალების ეკონომიკაში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„360 გრადუსიანი კომპონენტი მეწარმეებისთვის როგორც საგანმანათლებლო კომპონენტის შეთავაზებას, ისე საგრანტო მხარდაჭერის კომპონენტსა და პროფესიული ქსელების გაფართოებას მოიაზრებს.ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა წარმატებული ბიზნეს საქმიანობისთვის.

პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველვყოფთ, ხოლო შემდეგ უკვე მონაწილეები საგრანტო მხარდაჭერის ეტაპზე გადადიან. ამასთან, თანამდევი პროცესია ე.წ. ნეთვორქინგი, რათა მონაწილეებმა მათივე სექტორში საკონტაქტო არეალი გაიფართოონ და უფრო წარმატებულები იყვნენ თავიანთ საქმიანობაში.

წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ ინტერესი მონაწილეობაზე იზრდება და დღეს უკვე რეგისტრაციაზე ათასობით აპლიკაცია შემოგვდის. ასევე ვხედავთ, რომ პროექტი უფრო მრავალსექტორული გახდა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს,“ - აცხადებს ჩხეიძე.

რაც შეეხება საგრანტო კონკურსს, წელს, საგრანტო კონკურსი 1-ელ აპრილს, პირველად გამოცხადდება და საწყის ეტაპზე, 15 გრანტი გაიცემა. მომავალ წელს, ახალი ნაკადის მონაწილეებისთვის, საგრანტო მხარდაჭერა ხელმეორედ გამოცხადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები