მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ქამრების შემოჭერის მოლოდინია, 2026-ში ვაჭრობის სექტორში დიდ გარღვევას არ ველით”- ლევან ყარალაშვილი

ლევან ყარალაშვილი

2025 წლის დეკემბერი რითეილერებისთვის გაყიდვების თვალსაზრისით ზრდით დაიწყო, თუმცა წლის დასაწყისში არსებული პოლიტიკური რყევების ეფექტის გადასაფარად, აქტიური პერიოდი საკმარისი იქნება თუ არა, მოვაჭრეების უმეტესობას ამ კუთხით პროგნოზის გაკეთება უჭირს.

"თბილისი ცენტრალის" დირექტორი BM.GE-სთან აცხადებს, რომ წელი სექტორისთვის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რყევების ფონზე გაყიდვების კლებით დაიწყო. მისი თქმით, წინასაახალწლო პერიოდში გაყიდვები გააქტიურდა, რასაც ფასდაკლებებმა შეუწყო ხელი. აქედან გამომდინარე, ლევან ყარალაშვილი ელოდება, რომ სექტორში შესაძლოა ზრდა იყოს, თუმცა არ იმდენი, რაც განვითარებისთვის ბიზნესს სჭირდება.

“წელს ძალიან დიდი მიღწევა იქნება, თუ მეოთხე კვარტალს ისე დავხურავთ, რომ შარშანდელი მონაცემების გამეორებას ან მიახლოებას მაინც შევძლებთ. რაიმე გარღვევის მოლოდინი არ გვაქვს. დაიწყო ფასდაკლებების პერიოდი, წინასაახალწლო, „შავი პარასკევი“ იყო. ჩვენს სფეროში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის კუთხით რომ ავიღოთ და საცალო ვაჭრობაში, ამან ცოტა სტიმული და ბიძგი მისცა გაყიდვებს, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება, რომ შარშანდელი მონაცემების გამეორება შევძლოთ.

მოლოდინი არის ქამრების შემოჭერის და მომავალ წელს რაიმე დიდ გარღვევას ან ზრდას სავაჭრო სექტორი გეგმავსთქო, უბრალოდ მოვიტყუები.

გასული წლის ციფრები თითქმის წელს შავ პარასკევს გამეორდა, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღის მონაცემები რომ ავიღოთ. ბევრმა ბრენდმა კამპანიაც კი გაუშვა, რომ „შავი პარასკევი“ 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. ამ სექტორის სპეციფიკა ის არის, რომ თითქმის ერთი კვარტალის ამონაგების ამოღება ერთ თვეში ხდება და რეალურად ყველაზე აქტიური პერიოდი არის მთელი დეკემბერი”,- ამბობს ლევან ყარალაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები