მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქაქისტოკრატია" ანუ როცა უუნაროები მართავენ ქვეყანას და დანარჩენები იხდიან|ნიკა ალავიძის ბლოგი

ნიკა ალავიძე
06.11.25 15:55
222

BMG გთავაზობთ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრის ნიკა ალავიძის ბლოგს.

“საქართველო მნიშვნელოვან დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის და ამ ეტაპზე ევროკავშირთან მისი მისასვლელი გზა არარეალურია თუ ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება. შესაბამისად ქვეყნის კანდიდატის სტატუსი “მხოლოდ დარჩენილი დასახელებაა და სხვა არაფერი”.

“Georgia is experiencing significant democratic regression and the country currently has “no viable path toward the European Union unless conditions change dramatically,” effectively reducing its candidate status to being “in name only”.
https://www.rferl.org/a/eu-georgia-candidate-backsliding-reforms-ukraine-moldova-serbia/33581352.html

ყოველი ენა ადრე თუ გვიან გამოიმუშავებს კონკრეტულ სიტყვას ან ტერმინს, რომლებიც გვეხმარება მოვლენების ახსნაში, ზოგჯერ ზედმეტად კარგად, რაც ზუსტად, დეტალურად და ამასთანავე ლაკონიურად აღწერს რაღაცა დიდ, პოზიტიურ ან ნეგატიურ მოვლენას, ან ენით აუწერელი მასშტაბის კატასტროფას.

ასეთი მოვლენა (სიტყვის გამოგონება, ან მიგნება) დამთხვევა არანაირად არაა, ეს ევოლუციაზე დამყარებული პრაქტიკული საჭიროებაა.

ადამიანებს უძველესი ტრადიცია გვაქვს დაუსრულებლად ვიმეოროთ დაშვებული შეცდომები, თუმცა ამას, ყოველ ახალ ჯერზე და ახალ დეკადაში უფრო დიდი ენთუზიაზმით, მეტი მონდომებით, გაუმჯობესებული მარკეტინგული ინსტრუმენტებით და ელეგანტური სამოსით ვაკეთებთ.

„ქაქისტოკრატია“ — სწორედ ასეთი მოვლენის აღმნიშვნელი სიტყვაა.

ის ასახავს ისეთ რეალობას, როდესაც ყველაზე უუნაროები ეპატრონებიან ძალაუფლებას და ყველაზე გამორჩეულები ემიგრაციაში მიდიან.
სწორედ ამ მოვლენას მოუძღვნა ალბათ შექსპირმაც, მისი ცნობილი 66-ე სონეტი. (https://englishliteraturetsu.blogspot.com/2014/06/66.html)

ეს ის შემთხვევაა, როდესაც თითქოს ვიცით, რაც გვჭირს და ხმამაღლაც შეგვიძლია ამისი თქმა, თუმცა მარტო თქმით და აღიარებით ვიფარგლებით, ქვიშაში თავჩარგულები, ვამჯობინებთ თავის მოტყუებას და მოველით, რომ დაავადების დასახელების ცოდნა, მის განკურნებას ავტომატურად გამოიწვევს.

მაგრამ არა, ეს ასე არ მუშაობს.

თავად ეს სიტყვა ქაქისტოკრატია-ს ბერძნული ფესვები აქვს და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს - უარეს მმართველობას:

kakistos („უარესი“) და kratos („მმართველობა“).

როცა უუნაროები, არაეთიკურები და არაკვალიფიციურები იკავებენ უმაღლეს თანამდებობებს, შედეგი ყოველთვის იდენტურია: კორუფცია ყვავის, “დელეცობა” პოლიტიკად იქცევა, ხოლო მოქალაქეები კარგავენ ნდობას და ცვლილების სურვილს.

„როდესაც ძალაუფლება უუნაროთა ხელში ხვდება, ქვეყნები ინგრევა არა ძალით, არამედ სისულელით.“ მარკუს ავრელიუსი

გაკვეთილები წარსულიდან — როცა უარესები “მეფობდნენ”

ისტორია სავსეა ქაქისტოკრატიული ეპიზოდებით. გვიანი რომის იმპერია, კორუფციითა და გადაჭარბებული თავმოყვარეობით გამოფიტული, მამაც და გმირ სამხედროებს სასახლესთან დაახლოებული მლიქვნელებით ანაცვლებდა, რითაც დაკარგა როგორც დაპყრობილი მიწები, ისე ღირსება და საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.

ბურბონთა ეპოქის საფრანგეთი რომელიც დიდებულ სასახლეებს აშენებდა და დიდად ზრუნავდა მათ კეთილმოწყობაზე, პროცესში ხშირად ივიწყებდა, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ნამცხვარს პური ერჩივნათ და არც ერთი მათთვის ხელმისაწვდომი აღარ იყო. შედეგად გამოფიტული, მაგრამ მდიდარი და კონცენტრირებული ეკონომიკა, რომელიც სამეფოს გააჩნდა, მოწყვლადი გახდა და უბრალო “მოკვდავების” მსხვერპლად შეიქმნა, რაც ვერანაირმა ჯარმა ვერ დაიცვა “დიადი და ღვთივ კურთხეული მონარქია”.

XX საუკუნეში ზაირის, ჰაიტისა და სხვა ქვეყნების კლეპტოკრატიულმა რეჟიმებმა ნათლად გამოაჩინეს, თუ როგორ ცარიელდება ეროვნული დოვლათი, როცა უცაბედად გამდიდრებული “ერის რჩეულები” მხოლოდ სლოგანებს ისვრიან და მოქალაქეების “შიმშილს” უზრუნველყოფენ.

აღარ დაგღლით რუსეთის კლასიკური მაგალითებით, და ჩვენი არც ისე შორეული ისტორიის, ბნელ წლებს, როსტომ-ხანის მმართველობის ეპოქასაც არ შეგახსენებთ.

“მონას რად უნდა კრული სიცოცხლე?
ვისთვის აანთოს წმინდა ლამპარი?
სჯობს მონობაში გადიდკაცებულს,
თავისუფლების ძებნაში მკვდარი!”

აკაკი წერეთელი.

შესაბამისად, ისტორია გვასწავლის რომ ეს მომენტი ყოველთვის დგება.

როგორია კარგი მმართველობა?

კარგად მართული სახელმწიფო, არის კი ასეთი? დიახ, და ეს არ ნიშნავს რომ პრობლემები არ არსებობს, მათ რაიმე საფრთხე არ ემუქრებათ და/ან “ომი უნდათ”.
მათთან განმასხვავებელი ფაქტორი ძლიერი ინსტიტუტებია, როგორიცაა: დამოუკიდებელი სასამართლო, ადამიანის უფლებების დაცვა და პრიორიტეტების განსაზღვრა, პროგნოზირებადი კანონები, პროფესიონალი და ეფექტური ბიუროკრატია, თავისუფალი მედია და ანგარიშვალდებული ხელისუფლება.

კორუფცია ყველგან არსებობს, მაგრამ ძლიერ სახელმწიფოებში ის იშვიათია და რაც მთავარია ისჯება, ხოლო ქაქისტოკრატიაში ჯილდოვდება.

საქართველოს მმართველობითი ტრაექტორია,
უკეთესი ცხოვრების დაპირებიდან ზეწოლამდე

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო პოსტსაბჭოთა წარმატების ისტორიად გადაიქცა, თუმცა სამწუხაროდ, გარკვეული დროის წარმატებული რეფორმების, დიდი და სწრაფი პროგრესისა და ხელშესახები წარმატებების შემდეგ, დადგა აქსიომური ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ წარუმატებელი გამოცდის დრო, ლორდ აკტონის ცნობილი ფრაზის “დაჩელენჯება”:

“ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის”.
“Power tends to corrupt, and absolute power corrupts absolutely.”

ამ ჭეშმარიტების გამოცდის და შესაბამისი წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, საქართველოს ისტორიის ბოლო ორი დეკადის პერიოდში, როდესაც პირველად დაფიქსირდა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება, რაც თავისთავად პოზიტიური ფაქტორია ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის, სამწუხაროდ საკმარისი არ აღმოჩნდა და არც ისე გრძელ დროში, მაინც დავუბრუნდით დასავიწყებელ და არ-გასამეორებელ წარსულს.

შესუსტებულ ინსტიტუციურ და გაძლიერებულ „არაფორმალურ” მმართველობას, ჩრდილოვანი ფიგურების ხელში გადასულ ხელისუფლებას და ქაქისტოკრატიის ეტაპობრივ აღზევებას, “ნეგატიური შერჩევის ყველა კანონის დაცვით”.

სასამართლოს დამოუკიდებლობა ისე გაქრა რომ არც შექმნილა; თუმცა ევოლუციურად გაიზარდა ის მავნე პრაქტიკა და ახლა “ავტომატიზებული და კონვეიერული” წესით გაიზარდა მისი “ეფექტურობა”. დრაკონული კანონების მიღება და აღსრულება ყველა დიქტატორისთვის შესაშურ ტემპებში ხდება.

კორუფცია ჩვეულებრივი “წახალისებული” ბიზნესმოდელი გახდა. პოლიტიკური მონოპოლია და ფეოდალური მმართველობა საკუთარ ზენიტშია და განაგრძობს ზრდას.

2024 წლის არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა და გააშიშვლა ფორმალური დემოკრატია და შინაარსობრივი ქაქისტოკრატია, რაც 4 ნოემბერს ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან, უკვე არაერთაზროვანი დასკვნით დაგვირგვინდა.

როგორ კლავს ქაქისტოკრატია ეკონომიკას

ქაქისტოკრატია კონკურენციას კავშირებით და ინტერესთა კონფლიქტებით ანაცვლებს.
ტენდერები, კონტრაქტები და მსხვილი სახელმწიფო შესყიდვები ახლობელთა შორის ნაწილდება.
პოლიტიკური ერთგულება წახალისებული და დაჯილდოებადია, კომპეტენცია, პატიოსნება და საქმის ერთგულება — დასჯადი.

პარლამენტი დადგმულ სცენად იქცევა, პროპაგანდა- ოფიციალურ კომუნიკაციად. ადამიანის უფლებები სუსტდება და რა საჭიროა საერთოდ?

ჟურნალისტებზე ზეწოლა, არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზირება და გაუქმება, მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება უკვე ჩვეულებრივი ამბავია.

ასეთ დროს, თუ დანაშაულის იარაღი საშიში სამედიცინო პირბადეა, ამას სასამართლოც აღარ სჭირდება, პირდაპირ “Расстрел на месте”.

ამასობაში ეკონომიკა ციფრებში იზრდება, ინკლუზიურიდან (რაც ისედაც სუსტად იყო) ექსკლუზიური ხდება, იზრდება ფეოდალური და კარტელური ჯგუფების კონცენტრაცია და ძალაუფლების გადანაწილება და ამ პროცესში ბრძოლის ველიც ვიწროვდება.პროპაგანდის საკვები ყულაბა კი მუდამ სავსეა.

ლოგიკური კოლაფსი


ქაქისტოკრატიის არსებობის არსი მისი განგრძობით თუმცა მოკლე დროში გაწერილი თვითგანადგურებაა.

არც ისე ხანგრძლივი პროცესი მოიცავს უუნარობას, სიხარბით გამოწვეულ დაძაბულობას გუნდის შიგნით ეჭვიანობას, დახშული კრიტიკა რაც საზოგადოების და მმართველობითი რგოლის სრულ დაბრმავებას იწვევს, და საბოლოოდ ლოგიკურად ხევში გადაჩეხით დაგვირგვინდება.

ასეთ დროს ნგრევა იწყება ლპობით და ასე სრულდება. მოშლილი ინსტიტუტები, შეზღუდული აღსრულების შესაძლებლობები, ნგრევადი ინფრასტრუქტურა, გაზრდილი ემიგრაცია, შემცირებული და თითქმის აორთქლებული შრომისუნარიანი საზოგადოება.

ევროპული, მაშასადამე ქართული და ცივილიზებულ-პროგრესული გზა ბურუსში იკარგება, პროპაგანდის “ჩახვეული”- “ყველაფერი რიგზეა და გენიალურადაა” ფრაზებით.

თუმცა „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.“

და მაინც, ყველაფერი არ არის დაკარგული

ისტორია გვასწავლის, რომ ქაქისტოკრატია შექცევადი პროცესია, თუ საზოგადოება გაბედავს ინსტიტუტების აღდგენას და სიჩუმის დასრულებას, ეს შესაძლებელია. “ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია”.

„მსოფლიო სძულს ბოროტებს, მაგრამ ისინი ყვავიან, სანამ საკუთარ თავს არ გაანადგურებენ.“ მარკუს ავრელიუსი

კავკასიონის მთებში, ალპურ სიმაღლეებზე სუფთა ჰაერია რაც გამჭვირვალე აზროვნებას უწყობს ხელს, 3014 მეტრზე ვიღაც შეშლილებმა ბიბლიოთეკაც კი მოაწყვეს კითხვის მოყვარულებისთვის, რომელთა რაოდენობა მზარდია.

თუ საქართველოს მოქალაქეები მოინდომებენ, დაფიქრდებიან და თავისუფლების ჰაერ ჩასუნთქულები ორიენტირს გავასწორებთ, ამ თავზე ხელაღებულ გადაჩეხის პროცესს სწრაფად მოვაბრუნებთ.

ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაიტანს ასეთ მმართველებს და მმართველობას, ვინც ძალაუფლებას მიზნად კი არა, საკუთარი გამდიდრების და ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტად იყენებს.
ასეთი მმართველობა ეცემა, როგორც ყოველთვის და აუცილებლად და ამ დროს იწყება ნამდვილი აღდგენა, იმ ადამიანების ხელით, ვინც არასდროს წყვეტს რწმენას რომ ჯერ საქართველოა და ეს ქვეყანა უკეთესს იმსახურებს.

“ნუ ჰკითხავთ თქვენს ქვეყანას რა გაგიკეთა მან, არამედ ჰკითხე შენს თავს თუ რა გაუკეთე შენს ქვეყანას”. .ფ. კენედი

ქაკისტოკრატიის უახლესი “წარმატების” შედეგები იხილეთ აქ:

https://www.consilium.europa.eu/en/policies/georgia/

https://www.rferl.org/a/eu-georgia-candidate-backsliding-reforms-ukraine-moldova-serbia/33581352.html

https://enlargement.ec.europa.eu/document/download/b3089ad4-26be-4c6a-84cc-b9d680fe0a48_en?filename=georgia-report-2025.pdf

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები