შიდა ქართლის რეგიონში, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, სოფელ ღვლევის მიმდებარედ, 140-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. კომპანიას უკვე წარდგენილი ამ სადგურის გზშ დოკუმენტაცია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან შესაბამისი ნებართვის მიღებას ელის.
პროექტის ინიციატორი შპს „ღვლევი უინდსთრიმია“, რომელსაც საქართველოს მთავრობასთან 2025 წლის იანვარში ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია იღებს ვალდებულებას, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების უზრუნველსაყოფად, მიიღოს ყველა საჭირო ნებართვა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
პროექტი ითვალისწინებს არაუმეტეს 25 ქარის ტურბინის განთავსებას, თითოეულის სიმძლავრე მაქსიმუმ 7.5 მეგავატი იქნება. ტურბინების ფრთის წვერის მაქსიმალური სიმაღლე 230 მეტრს მიაღწევს, ხოლო ოპერირების ვადა დაახლოებით 30 წელს გასტანს. მშენებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაში შედის 35/220 კვ ქვესადგური, 220 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი და 35 კვ მიწისქვეშა საკაბელო ქსელი. პროექტის საინვესტიციო არეალი დაახლოებით 110 ჰექტარს მოიცავს.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია აცხადებს, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას და განახლებადი წყაროების წილის ზრდას. როგორც სკოპინგის ანგარიშშია აღნიშნული, ელექტროსადგურის მშენებლობა არ მოითხოვს მოსახლეობის განსახლებას და არ ეწინააღმდეგება დაცული ტერიტორიების ინტერესებს
პროექტის პარტნიორებად და ინვესტორია „ღვლევი უინდსთრიმი“, რომელიც სრულად ეკუთვნის „ქლინ ენერჯი ინვესტმენტს" — კომპანიას, რომელიც 2025 წლის აპრილში თბილისში დარეგისტრირდა. მისი დირექტორია დიმიტრი ნიშნიანიძე, ხოლო მისი პარტნიორები ოთხი ქართული კომპანიაა: „შპს მეიდანზე“, „შპს კდ დეველოპმენტი“, „შპს აისი ჯგუფი 2025“ და „შპს ენ ენერჯი“, თითოეული 25%-იანი წილით.
სადგური აშენების შემთხვევაში საქართველოში ყველაზე მსხვილი ქარის ელექტროსადგური იქნება.




























