ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეთეთის მიმდებარედ 30 მეგავატის სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტს კომპანია "ქარელი ვინდი" ახორციელებს. პროექტთან დაკავშირებით გზშ ნებართვის მისაღებად კომპანიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე მიმართა.
წარდგენილი სკოპინგის ანგარიშის თანახმად, ელექტროსადგური 5 ქარის ტურბინისგან იქნება დაკომპლექტებული, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე 7.5 მეგავატი იქნება.
წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ქარის ელექტროსადგურები კომპანია Goldwind (GW182) მოდელის ქარის ტურბინა გენერატორებით აღიჭურვება.
ტურბინის კოშკის (ღერძის) სიმაღლე 110 მეტრი, ხოლო როტორის დიამეტრი 182 მეტრს შეადგენს. ქარის ტურბინა მოძრაობას იწყებს მაშინ, როდესაც ქარის სიჩქარე 2.5 მეტრ წამს გადააჭარბებს, ხოლო 24 მეტრ წამზე უფრო ძლიერი ქარის პირობებში ის უსაფრთხოების მიზნით ჩერდება. შესაბამისად, ქარის ტურბინა 2.5-დან 24 მეტრ წამამდე სიჩქარეებზე ოპერირებს.
ქარის ელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 105 მილიონი კილოვატ საათი იქნება.
კომპანია "ქარელი ვინდი" 2021 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილი ეკუთვნის ბიზნესმენ გოგა ჯახიას, რომელიც საქართველოს და კანადის ორმაგი მოქალაქეა.




























