ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4 621 მგვტ-ია, აქედან ქარის სადგურების სიმძლავრე მხოლოდ 21 მეგავატს შეადგენს. მშენებლობის ეტაპზეა 3 ქარის ელექტროსადგურის პროექტი.
საუბარია 200 მეგავატის სიმძლავრის რუისის პროექტზე, 100-მეგავატიან იმერეთის სადგურზე და 50 მეგავატის სიმძლავრის პროექტზე კასპის ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ ქარიდან დაახლოებით 360 მეგავატამდე სიმძლავრე არაუგვიანეს 2028 წლის ბოლოს დაემატება ელექტროენერგეტიკულ ქსელს.
ამასთან, “პირდაპირი კონტრაქტების” მექანიზმის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროში 4 222 მეგავატის სიმძლავრის 60-ზე მეტი ქარის პროექტია წარდგენილი, თუმცა აქედან რამდენი გადავა მშენებლობის ეტაპზე ჯერ უცნობია.
კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ ამ მოცულობის სიმძლავრის პროექტები ფიზიკურად ვერ განხორციელდება რამდენიმე მიზეზის, მათ შორის ტექნიკური მიზეზის გამო. გარდა ამისა, ფასთაშორისი სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი 6 ცენტი, შესაძლოა პროექტების განხორციელებისთვის არ აღმოჩნდეს საკმარისი.
რამდენად რენტაბელურია 6 ცენტი ქარის ელექტროსადგურების ასაშენებლად, ეს ტექნიკურ ეკონომიკური შესწავლის შემდეგ დადგინდება კომპანია "გრინ ენერჯი ჰოლდინგის" შემთხვევაში. კომპანიამ უკვე გააფორმა მემორანდუმი სახელმწიფოსთან, რომელიც იმერეთში, ქუთაისსა და თერჯოლას შორის არსებულ ტერიტორიაზე 45 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ქარის ენერგეტიკას საქართველოში ლიმიტირებული, თუმცა დიდი პერსპექტივა გააჩნია.
“ქარის პროექტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება. ეს იქნება, სადღაც 45 მეგავატის ოდენობის ქარის ელექტროსადგური და ზუსტად ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების დაზუსტების მერე გვეცოდინება, რა ტიპის აგრეგატი უნდა დავდგათ, რა სიმაღლის და ა.შ
6 ცენტის ტარიფი მარტივი არ არის, პირდაპირ გეტყვით. ეს ტარიფი დღეს ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს თითქმის პასუხობს, მაგრამ ზუსტად ამ კვლევის ეტაპზე დაზუსტდება რამდენად რენტაბელურია აღნიშნული ტარიფი იმ კონკრეტულ ლოკაციაზე ელექტროსადგურის მშენებლობისათვის.
თუ ისეთ პარამეტრს მივიღებთ, რომელიც ეკონომიური მაჩვენებლები იქნება იმაზე ცუდი, რაც დაგეგმილი გვქონდა, მაშინ ფიზიკურად არ გამოვა პროექტის განხორციელება. თუ არ გამოდის, მაშინ ამ პროექტს გადავცემთ სახელმწიფოს უსასყიდლოდ და დარჩება პროექტი პროექტად. შეიძლება სხვისთვის რენტაბელური იყოს ის პარამეტრები, რომელიც ჩვენთვის არა, მაგრამ ამის მოლოდინი არ გვაქვს. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, მომავალ წელს მშენებლობას დავიწყებთ.
ზოგადად, ქარის ენერგეტიკას პერსპექტივა აქვს, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით და ლიმიტირებული. ქარის ენერგია განახლებადი ენერგიების ერთ-ერთი მიმართულებაა და მწვანე ენერგიას განეკუთვნება, მაგრამ არსებობს სისტემაში ინტეგრაციის შეზღუდვები. აქედან გამომდინარე, დადგმულ სიმძლავრესთან პროპორცია აქვს ქარის ენერგიის, ლიმიტირებულია, მაგრამ, როგორც იცით, დეფიციტური ქვეყანა ვართ და შესაბამისად მოთხოვნა არსებობს ელექტროენერგიაზე. უახლოეს რამდენიმე წელიწადში ქარის სადგურების ინტეგრირება სისტემაში შესაძლებელი იქნება, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე, იმ ლიმიტს შეავსებს, რისი შესაძლებლობაც აქვს დღეს საქართველოს ენერგოსისტემას მიერთების კუთხით”,-აცხადებს გიორგი შუკაკიძე.
ამ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ გორის ქარის ელექტროსადგური ფუნქციონირებს, რომლის დადგმული სიმძლავრე 21 მეგავატს შეადგენს. საქართველოს გადამცემი ქსელის 10 წლიანი გეგმის მიხედვით, მთავრობის გათვლებით, 2034 წლისთვის ენერგოსისტემაში 1 291 მეგავატი სიმძლავრის სადგურების ინტეგრირება იქნება შესაძლებელი.




























