მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარიშხალი “ჰელენით” გამოწვეული ზარალის მოცულობა $34 მლრდ-ს მიაღწევს - Moody’s Analytics

აშშ

გასულ კვირაში ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებში მომხდარი სტიქიური მოვლენის, ქარიშხალი “ჰელენის” შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის ზარალის მოცულობა, სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული მილიარდი იქნება - ამის შესახებ Fox Business-ი Moody’s Analytics-ის კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

მეოთხე კატეგორიის ქარიშხალს, რომელიც გასულ კვირას თავს ფლორიდის, ჯორჯიის, სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის, ვირჯინიისა და ტენესის შტატებს დაატყდა, 106 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც, დაიტბორა ქუჩები და შენობა-ნაგებობები.

ანალიტიკური ცენტრი მედიასთან აცხადებს, რომ ქარიშხლით გამოწვეული ზარალის მოცულობის ზუსტი დათვლა ამ დროისთვის შეუძლებელია, თუმცა პირველადი შეფასებით ჩანს, რომ მხოლოდ უძრავ ქონებას $15-დან $26 მილიარდამდე ზარალი მიადგა. ამასთან, სკოლებისა და ოფისების დაკეტვის გამო წარმოქმნილი შეფერხებებით გამოწვეული ზარალის ღირებულება $5-დან $8 მილიარდამდე შეფასდა, რამაც ზარალის სრული მოცულობა $20-დან $34 მილიარდამდე განსაზღვრა.

გამოქვეყნებულ ანგარიშში Moody’s-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქარიშხალი “ჰელენი” თითქმის იმეორებს გასულ წელს მომხდარი ციკლონის - ქარიშხალი აიდალიას - შედეგებს, თუმცა ბოლო შემთხვევაში “ჰელენმა” მეოთხე კატეგორიის სტატუსი უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სანაპირო რეგიონებში გაცილებით ძლიერი შტორმი დაფიქსირდა.

სტიქიის შედეგები განსაკუთრებით მწვავე ჩრდილოეთ კაროლინის შტატში იყო, სადაც წყალდიდობამ ათობით გზა და ხიდი დააზიანა და რამდენიმე დასახლება ცივილიზაციას მოსწყვიტა.

“ჰელენით” გამოწვეული შედეგები ამ დრომდე სრულად შესწავლილი არ არის - გაწყვეტილი კომუნიკაციების გამო ჭირს დაკარგული მოქალაქეების პოვნაც. შტატისთვის ბაიდენის ადმინისტრაციამ “კატასტროფის დეკლარაციას” მოაწერა ხელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები