მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქარიშხალი მელისა, რომელიც კატრინაზე მძლავრადაა შეფასებული, იამაიკას უახლოვდება

იამაიკა

ქარიშხალი მელისა იამაიკის სანაპიროს უახლოვდება. სამშაბათს დილით კუნძულზე ამინდის მკვეთრად გაუარესებასთან ერთად, შტორმის ინტენსივობამ 2005 წლის დამანგრეველი სტიქიის, ქარიშხალი კატრინას სიძლიერეს გადააჭარბა.

Washington Post-ის ცნობით, ქარიშხლის ცენტრალური წნევა 901 მილიბარამდე დაეცა, რამაც მე-5 კატეგორიის შტორმი, ამ მეტრიკის მიხედვით, რიგით მერვე ყველაზე ძლიერ ატლანტიკურ შტორმად აქცია.

მოსალოდნელია, რომ ქარიშხალი მელისა ადგილობრივი დროით ნაშუადღევს მიაღწევს წმინდა ელიზაბეთის დასახლებას, დედაქალაქიდან დაახლოებით 100 კმ-ის დაშორებით. მეტეოროლოგების გამოთვლებით, ქარიშხალი კუნძულოვან სახელმწიფოს 6 საათის განმავლობაში გადაუვლის.

ოფიციალური პირები იამაიკის მოსახლეობას სასმელი წყლის მომარაგებისა და სადრენაჟო სისტემების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობის ნაადრევი ევაკუაციის შემთხვევებზეც საუბრობდნენ, მათი თქმით, ევაკუაციის ბრძანება 50 ათასამდე იამაიკელს შეეხება.

27 ოქტომბერს იამაიკის ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების 3 და დაზიანების 13 შემთხვევა დაადასტურა, რაც, მისივე ცნობით, ქარიშხლისთვის მზადების პროცესს მოჰყვა. იამაიკის მეზობელ სახელმწიფო ჰაიტიში, რომელსაც შტორმმა გასულ დღეებში გადაუარა, გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

მოსალოდნელია, რომ ნალექის დონე მთაში 1016 მმ-ს მიაღწევს, რაც წყალდიდობებსა და მეწყრულ პროცესებს გამოიწვევს. სამხრეთის სანაპიროზე კი 4 მეტრამდე სიმაღლის ტალღებს ვარაუდობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები