ქარიშხალმა მელისამ კარიბის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს გადაუარა. ბოლო მონაცემებით, შტორმი მე-2 კატეგორიამდე შესუსტდა და ბერმუდასკენ გადაინაცვლა. ძლიერი ქარი და წვიმა დაფიქსირდა იამაიკაში, კუბასა და ჰაიტიში.
რეგიონის მასშტაბით მთავრობები სტიქიით გამოწვეულ ზარალს ამ დრომდე სწავლობენ. დადასტურდა 25 ადამიანის გარდაცვალება ჰაიტიში - 10 მათგანი ბავშვია - და 4-ის - იამაიკაში.
ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 04:00 საათიდან, ქარის სიჩქარე 165 კმ/სთ-მდე შემცირდა, რითაც მე-5 კატეგორიის შტორმი მე-2-მდე შესუსტდა. მოსალოდნელია, რომ პარასკევისთვის ქარიშხალი კიდევ უფრო შესუსტდება.
სამშაბათს "მელისა" იამაიკას ყველაზე ძლიერ ქარიშხლად დაატყდა თავს, 280 კმ/სთ სიჩქარის ქარის თანხლებით, რაც გაცილებით აღემატება მე-5 კატეგორიის მინიმალურ ზღვარს.
აშშ-ის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, "მელისა" კარიბის რეგიონში რიგით მესამე ყველაზე ინტენსიური ქარიშხალია, გადაადგილების ტემპით კი - ყველაზე ნელი. ამ კომბინაციის გამო სტიქია განსაკუთრებით დამანგრეველი აღმოჩნდა.
ბაჰამის კუნძულების სანაპირო ზოლიდან მთავრობამ ვერტმფრენებით 1500 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ჰაიტის კი, სადაც მსხვერპლის რაოდენობა ყველაზე მაღალია, შტორმი პირდაპირ არ დასტყდომია თავს, თუმცა რამდნიმედღიანი ძლიერი წვიმა გამოიწვია. ფატალური შემთხვევების დიდი ნაწილი ძლიერმა წყალდიდობამ გამოიწვია პეტიტ-გოავაში, სადაც მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდნენ. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 12 ადამიანი. ჰაიტის საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურის ინფორმაციით კი დატბორილია 1000-ზე მეტი სახლი, 12 000 ადამიანი კი დროებით თავშესაფარშია მოთავსებული.
რაც შეეხება კუბას, აქ 240-ზე მეტი დასახლება გარე სამყაროს მთლიანად გამოეთიშა, შეფერხდა საკომუნიკაციო არხების მუშაობაც. განხორციელდა 735 000 ადამიანის ევაკუაცია.




























