მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართუ" და კიდევ სამი ბანკი ჩინეთის საგადახდო სისტემა CIPS-ში გაწევრიანდა - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ "ქართუ ბანკის" მიერ ორგანიზებულ პოდკასტში განაცხადა, რომ ქვეყნის ოთხი კომერციული ბანკი უკვე გაწევრიანებულია ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდის სისტემა CIPS-ში, რომელიც იუანით გადახდებს უზრუნველყოფს. ამასთან, თურნავა აღნიშნავს, რომ ეს სისტემა არაა SWIFT-ის კონკურენტი და ის ჩინეთთან გაზრდილი ეკონომიკური კავშირების ფონზე ბანკებისთვის უფრო მოქნილ საგადახდო მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც იუანით ანგარიშსწორებას უზრუნველყოფს.

"ეს ზოგჯერ არასწორად აღიქმება, როგორც SWIFT-ის ალტერნატივა. ვისარგებლებ შემთხვევით და განვმარტავ, რომ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ დაახლოებით 180 ქვეყნიდან, ანუ მთელი მსოფლიოს 5000-ზე მეტი წამყვანი ბანკი არის გაწევრიანებული ამ სისტემაში და პარალელურად სარგებლობენ როგორც სვიფტით, ასევე CIPS, ანუ ეს ორი ურთიერთშემავსები მესეჯინგის სისტემაა, რომელიც ემსახურება გადახდებს, SWIFT ამ შემთხვევაში არის დოლარი და ევრო, CIPS-ი კი არის იუანი.

მზარდია ტრანზაქციები, თქვენ ერთ-ერთი მაგალითი ხართ ამისი ანუ "ქართუ ბანკი". ეს ტენდენცია სავარაუდოდ გაიზრდება. თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ წამყვან ბანკებს შორის, ოთხი ბანკია ამ წუთში და ალბათ გაიზრდება ეს რაოდენობა, ვინც ეს სურვილი გამოხატა. ჩვენ ვმასპინძლობდით რამდენჯერმე CIPS-ის პრეზიდენტს აქ საქართველოში და შესაბამისად, ძალიან კარგი განწყობა არის, გვეხმარებიან ამ პროცესში და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება თქვენი გაწევრიანება, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ შეძლებთ მოემსახუროთ იუანში ტრანზაქციებს გაცილებით უფრო ნაკლებ ფასად, სწრაფად, შეუფერხებლად და სხვა შუამავალზე დამოკიდებულები არ იქნებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას სათავე დაუდო, ჩვენი ეროვნული ბანკის მზარდმა კონტაქტებმა ჩინეთის სახალხო ცენტრალურ ბანკთან, მემორანდუმი გვაერთიანებს და ამ მემორანდუმის ფარგლებში ბევრი საინტერესო განვითარება წამოვიდა," - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავამ CIPS-ის პრეზიდენტთან ფუ ჰუანგთან უკანასკნელი შეხვედრა ონლაინ-ფორმატში, 2025 წლის დეკემბერში გამართა.

BMG-იმ სებ-ს მიმართა კითხვით, "ქართუ ბანკის" გარდა, კიდევ რომელი ქართული ბანკები არიან გაწევრიანებული აღნიშნულ საგადახდო სისტემაში და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რა არის CIPS-ი

CIPS - ანუ China's Cross-Border Interbank Payment System - არის ჩინეთის ბანკთაშორისი გადახდების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს იუანით საერთაშორისო ანგარიშსწორების გამარტივებას. სისტემა ამოქმედდა 2015 წელს და მას განაგებს ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC).

CIPS განკუთვნილია როგორც ჩინური, ისე უცხოური ბანკებისთვის, რათა მათ უსაფრთხოდ და ეფექტიანად განახორციელონ იუანით ტრანზაქციები გლობალურ დონეზე.

CIPS-ის ქსელში ჩართულია 189 ქვეყნის 4 900-ზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი. მათ შორის, ევროპის - 261, ჩრდილოეთ ამერიკის - 34, სამხრეთ ამერიკის - 34, ავსტრალია/ოკეანეთის - 22 საბანკო დაწესებულება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები