ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა “ქართუ ფონდმა” თამარაშვილის ქუჩაზე არსებული 80,145 მ²-ის უძრავი ქონების გაყიდვის გარიგება შეაბრუნა. ცვლილება საჯარო რეესტრის ამონაწერში დღეს აისახა, შესაბამისად, ტერიტორიის მფლობელი კომპანია “ნეო სითი დეველოპმენტი” აღარ იქნება.
კომპანიაში BMG-სთან საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით დამატებით განმარტებას არ აკეთებენ, მისმა დამფუძნებელმა მარიკა ვერულაშვილმა კი განაცხადა, რომ მისი კომპანია იპოდრომთან მდებარე ტერიტორიას არ იყიდდა და აქ გარკვეული გაურკვევლობა არსებობდა, თუმცა რასთან დაკავშირებით იყო გაუგებრობა ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ თქმულა.
შპს “ნეო სითი დეველოპმენტი” 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა. ის ყოფილ დეპუტატს, მარიკა ვერულაშვილს ეკუთვნის. რეესტრის თანახმად, იპოდრომის უძრავ ქონებაზე, გარიგებასთან დაკავშირებით $80 მილიონი დოლარის მოცულობის გირავნობის უფლებაც გაუქმდა.
თუმცა, ამჟამად უცვლელია გმირთა მოედანზე არსებული 42,500 კვადრატული მეტრის გაყიდვის გარიგება. მხარეებმა ხელშეკრულება რეესტრში 2023 წლის აგვისტოში დააფიქსირეს, რის შედეგადაც, ივანიშვილის “ქართუ ფონდის” მიერ დაფუძნებულმა კომპანია “კოსტავას 69”-მ ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია გაყიდა. ამ მიწაზე ივანიშვილის კომპანია ” 52-სართულიანი ცათამბჯენების პროექტის განვითარებას გეგმავდა. ზაფხულშივე საკრებულომ აღნიშნულ პროექტზე შესაბამისი თანხმობაც გასცა.
აგვისტოში "ნეო სითი დეველოპმენტმა" გაავრცელა განცხადება, სადაც კომპანიამ აღნიშნა, რომ "ლაგუნა ვერეს" სპორტულ კომპლექსს აღადგენდა.