მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი მოთამაშე Gryphon AIR CARGO იწყებს

64423f4a59688
ნინი ლონგურაშვილი
21.04.23 12:26
968
ქართულ ავიაბაზარს ახალი მოთამაშე, ავიაგადამზიდი კომპანია "Gryphon AIR CARGO" შეემატება. ბოინგ 737-ს, რომელიც Gryphon AIR CARGO-მ ბრიტანული კომპანია "World Star Aviation"-ისგან შეიძინა, 16 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. კომპანიის მიზნებზე საუბრისას Gryphon AIR CARGO-ში ამბობენ, რომ საქართველო მსოფლიო ბაზარზე სატვირთო ავიაციის ჰაბად აქციოს. პირველადი ინვესტიცია 10 მილიონ დოლარს შეადგენს. 

კომპანია 2022 წელს დარეგისტრირდა და მისი პირველი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რამდენიმე დღეში დაეშვება. როგორც "Gryphon AIR CARGO"-ს დირექტორი, გიორგი მარრი აცხადებს, სტარტაპის წამოწყების მთავარი მიზეზი ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა გახდა. 

"საქართველო ერთმანეთთან ცენტრალურ აზიას, ახლო აღმოსავლეთს, აფრიკისა და ევროპის ქვეყნებს დააკავშირებს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ავიაგადაზიდვების ჰაბად ქცევის პერსპექტივა აქვს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და ხელისუფლების მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაა. როგორც ცნობილია, დოკუმენტი საავიაციო ნაწილსაც მოიცავს და მისი ხელმოწერის შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს ევროპის ბაზარზე ოპერირება დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველოს ავია უსაფრთხოების კანონმდებლობა ევროკავშირის რეგულაციებს დაუახლოვდა.

ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ავიაკომპანიებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში სულ რამდენიმე ქვეყანას აქვს ეს შესაძლებლობა. მათთან შედარებით კი საქართველოს ადგილმდებარეობა უპირატესია. ეს ქვეყანა გეოგრაფიულად აერთიანებს ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ აზიას, ანუ ინდოეთსა და პაკისტანს, ასევე ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპას. სწორედ ამის გამო, როდესაც სხვადასხვა ავიაკომპანიასთან თვითმფრინავის შეძენაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მათგანაც იგრძნობოდა ინტერესი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ერთმანეთთან ბევრი რეგიონი დააკავშიროს და აუცილებელია, აქ მსხვილი ავია გადამზიდავი ოპერირებდეს,“ - აცხადებს Gryphon AIR CARGO-ს დირექტორი, გიორგი მარრი.

Gryphon AIR CARGO-ში ამბობენ, რომ ბაზარზე მაქსიმალურად კომფორტულ სერვისს უზრუნველყოფენ. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ლიცენზიას მაისის დასაწყისში მიიღებენ და ფრენების განხორციელებასაც შეძლებენ.  

"ამ ეტაპზე, თვითმფრინავი ტექნიკურ შემოწმებას გადის. პროცესი დასრულების ფაზაშია. შემდეგი ეტაპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ოპერირების ლიცენზიის მიღებაა. ვვარაუდობთ, რომ ლიცენზიას მაისის დასაწყისში მივიღებთ და ფრენების განხორციელებასაც მაისშივე შევძლებთ. ლიცენზიის მიღების შემდეგ, ჩვენი მიზანი გაფართოებაა.  იგეგმება დამატებით ორი თვითმფრინავის ლიზინგით აღება. ასევე, სამომავლო გეგმებშია სასაწყობო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური მიმართულების განვითარებაც. საქართველოში სატვირთო ავიაციის განვითარება მნიშვნელოვანია სხვა მიმართულებების წინსვლისთვისაც. მაგალითად, Gryphon AIR CARGO-ს მომსახურება, უპირველესად, ისეთი კომპანიებისა თუ მეწარმეებისთვის იქნება ხელსაყრელი, რომელთაც თავიანთი პროდუქცია ექსპორტზე გააქვთ. კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ექსპორტის ასოციაციასა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მწარმოებლებთან", - აღნიშნავს Gryphon AIR CARGO-ს დირექტორი. 

ამ დროის მონაცემებით, Gryphon AIR CARGO-ს უკვე 30-მდე თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში დამატებითი კადრების მოძიება გახდება საჭირო. გეგმის მიხედვით, კომპანია მფრინავებსა და ტექნიკურ პერსონალს გადაამზადებს და დაასაქმებს.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები