მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართულ ბანკებს იპოთეკებით უზრუნველყოფილი ბონდების გამოშვების შესაძლებლობა ექნებათ

60eda41ad63ff
შოთა ტყეშელაშვილი
13.07.21 18:34
827
ქართულ ფინანსურ ორგანიზაციებს იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა მიეცემათ. ამას სებ-ის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს. 

შესაბამისი კანონპროექტის პრეზენტაცია დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გამართა. 

"შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა (EBRD, IFC), რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩარჩოს შემუშავებაში. ღონისძიებაზე პრეზენტაციები ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და საბანკო ზედამხედველობის მიმართულებების წარმომადგენლებმაც წარადგინეს.

პრეზენტაცია მიზნად ისახავდა ბაზრის მონაწილეებისთვის იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ინსტრუმენტის დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ბაზრების გამოცდილების გაზიარებას და საქართველოსთვის შემუშავებული ბიზნესმოდელის, საზედამხედველო და საკანონმდებლო მიდგომების გაცნობას. აღნიშნული კანონპროექტის მიზანია დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის განვითარება", - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მაისის მდგომარეობით, საბანკო სისტემაში 8.76 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები